skip to content
ახალი ამბები

„გაზპრომმა“ სენაკში მოქმედ კომპანიასთან კომერციული გაზის მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ სენაკში მოქმედ გაზგამანაწილებელი კერძო კომპანია „გაზკო+“-სთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მას საერთო ჯამში 100 მლნ კუბურ მეტრამდე გაზს მიჰყიდის მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში.

„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კონტრაქტს მისმა ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 16 ივნისს მოაწერეს ხელი.

ეს ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი, „გაზპრომის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში იმოქმედებს მისი შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

კომპანია „გაზკო+“-ის 10%-იან წილს მისი კომერციული დირექტორი, რუსეთის მოქალაქე გიორგი მამალაძე, ხოლო უმეტეს, 90%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ირაკლი ბიწაძე ფლობს.

2015 წელს სენაკის რაიონში, სადაც ეს კომპანია ოპერირებს, მან 3.5 მლნ კუბური მეტრი გაზი გაანაწილა. 

„გაზკო+“-ის დირექტორმა დავით ბაღათურიამ არანაირი კომენტარი არ გააკეთა ახალ გარიგებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურება შარშან განაწილებული გაზის მოცულობის მრავალჯერადი ზრდა ამ წლის მეორე ნახევარში.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგობაზარზე „გაზპრომის“ ნებისმიერი სახით შემოსვლა არასასურველი და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ამ გარიგებაში არ არის ჩართული. 

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გარიგება არ არის დახურული“, – განაცხადა მან, „რაც შეეხება საფრთხეებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ წუთში ანალიზი იმისა საფრთხეებს შეიცავს ეს კონტრაქტი თუ არ შეიცავს, ვინაიდან კონტრაქტი ნანახი არ გვაქვს, მიზნებიც არ ვიცით ამ კონტრაქტის და არ ვიცით საით შეიძლება მიემართოს ეს გაზი, თუ საერთოდ ასეთი კონტრაქტი შედგა, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი“. 

მსგავსი/Related

Back to top button