skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჩუტყვავილას გავრცელებამ ქართული ასეულის ნატოს წვრთნებში მონაწილეობა ჩაშალა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულში გამოვლენილი ჩუტყვავილას ორი შემთხვევის გამო შეუძლებელი გახდა ასეულის პოლონეთში გაგზავნა საერთაშორისო სწავლებაში  „ანაკონდა-2016“ მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 10 ივნისს.

პოლონეთში 7–17 ივნისს მიმდინარე ამ წვრთნებში 31 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს ნატოს და მისი პარტნიორი ოცზე მეტი სახელმწიფოდან; სწავლება შეაფასეს, როგორც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უმსხვილესი წვრთნები ცივი ომის დასრულების შემდეგ. 

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა საქართველოს ახსნა–განმარტება მოსთხოვა, თუ რატომ არ გაგზავნა თავისი ასეული წვრთნებში მონაწილეობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეული წვრთნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

„თუმცა ასეულის გამგზავრებამდე  რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილათი დაავადების ორი შემთხვევა“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

„ჩვენთვის არასასიამოვნო მდგომარეობა წარმოიქმნა, რადგან ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ წვრთნებში მონაწილეობას“, – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, „სწავლებისთვის დანაყოფიც სრულ მზადყოფნაში იყო. მაგრამ გაუფრთხილებლობით, ოჯახში პატარა ბავშვს  ჩუტყვავილა შეეყარა და პიროვნებამ დაავადება აღნიშნულ ასეულში შემოიტანა“.

„სამწუხაროდ, ეს ამბავი დანაყოფის სწავლებაზე გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე მოხდა. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი, რომელშიც მედიკოსებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენს დანაყოფს უნდა მიეღო მონაწილეობა ამერიკული ბატალიონის დაქვემდებარებაში. საერთო გადაწყვეტილებით, რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ზოგადად, მთლიანად „ანაკონდას“ სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ამჯერად ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ წვრთნებში. თუმცა ჩვენგან პირადად მე ვაპირებ პოლონეთში ჩასვლას, სადაც სწავლებას ორივე მიმართულების სარდალთან ერთად დავაკვირდები“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა უარყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თბილისმა რუსეთის ფაქტორის გამო შეიკავა თავი პოლონეთის წვრთნებში მონაწილეობისგან.

სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ინფექცია ასეულის გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვლინდა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი სხვა ასეულით ჩანაცვლება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა 10 ივნისს, რომ  „ანაკონდა–2016“–ში საქართველოს მონაწილეობა იყო „უმნიშვნელოვანესი“.

„პრეზიდენტი თვლის, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი წვრთნები არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

 „სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა–განმარტებებს ამ თემაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button