skip to content
ახალი ამბები

ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვა გადაიდო

რესპუბლიკური პარტიის თხოვნით პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგიდან  მოიხსნა ე.წ. გერმანული მოდელის შემოღების თაობაზე საარჩევნო კოდექსში შემუშავებული ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა.

რესპუბლიკური პარტიის მიერ ინიცირებული ეს კანონპროექტი არსებული შერეული სისტემის პირობებში საპარლამენტო მანდატების ახალი წესით განაწილებას ითვალისწინებს, კერძოდ, პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით, ჯამურად პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობაში იმდენ მანდატს მიიღებს, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ.

ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, თუმცა მათი უარყოფითი პოზიცია ვერ აფერხებს პლენარულ სხდომაზე მისი შემდგომი განხილვის პროცედურებს. 

კანონპროექტის მიღებას ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატები ეწინააღმდეგებიან, თუმცა მისი მიღების თეორიული შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი დეპუტატების ხმების სრული მობილიზება იქნება შესაძლებელი.

რესპუბლიკელმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა 10 ივნისს საკითხის მომდევნო სესიისთვის გადადების მოთხოვნისას განაცხადა, რომ მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა ამ კანონპროექტის მისაღებად შეწყვეტდა 25 მაისიდან გამოცხადებულ ბოიკოტს, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„რეალურად ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს სამართლიანი დემოკრატიული სისტემის მიღებაზე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს, მათ შორის იმის გამოც, რომ კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმები არ გროვდება პარლამენტში. ცვლილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება.

მანამდე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მიდგომოდნენ „საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალურს შანსს“ და მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის განხილვაში.

„იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პარტიებს სრული მობილიზება მოეხდინათ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ცვლილებების პროექტი საერთოდ აღარ განიხილება“, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ერთობლივ განცხადებაში, „სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მსგავსი არათანმიმდევრულობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და რეალურად ხელიდან გაუშვეს ის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა საპარლამეტო არჩევნების არსებითად უკეთეს გარემოში ჩატარებას“.

 

მსგავსი/Related

Back to top button