ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსი ექვსი პარტიისგან შემდგარ საარჩევნო ბლოკს ქმნის

პატრიოტთა ალიანსმა და კიდევ ხუთმა პარტიამ მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ საარჩევნო ბლოკს ქმნიან, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი ძალებით იბრძოლონ.

ბლოკის შემადგენლობაში ასევე შედიან პარტიები: თავისუფალი საქართველო, რომლის ლიდერიც კახა კუკავაა; პარტია თავისუფლება კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით; აკაკი ასათიანის ტრადიციონალისტები; ახალი ქრისტიან–დემოკრატები, რომლის ლიდერიც გოჩა ჯოჯუაა და საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

პატრიოტთა ალიანსი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მეოთხე ადგილზე გავიდა ხმების 4.72%-ით, აცხადებს, რომ ხუთ მცირე პარტიასთან დაჯგუფება მას „უსამართლო საარჩევნო სისტემაში“ უკეთესი შედეგების მიღებაში დაეხმარება, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით მეტი დამკვირვებლის მეშვეობით. 

დავით თარხან-მოურავმა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ლიდერია ირმა ინაშვილთან ერთად, განაცხადა, რომ პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა, მაგრამ გამარჯვება ისიც იქნება, თუ მომავალი მთავრობის ფორმირება მათი მონაწილეობის გარეშე არ განხორციელდება. 

პარტიამ განაცხადა, რომ ახლადშექმნილი ბლოკი ღიაა კონსულტაციებისთვის სხვა მსგავსი მსოფლმხედველობის მქონე პარტიებისთვის, რომელთა შორის, თარხან–მოურავმა მრეწველთა პარტია და ასევე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ დაგეგმილი ახალი პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ დაასახელა. მეჭიაურმა მაისის ბოლოს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ანტი–დასავლური განცხადებები გააკეთა და მთავრობა ნატოში ინტეგრაციის დეკლარირებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში საუბრისას, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ტელევიზიაა, თარხან–მოურავმა 8 ივნისს გაიმეორა მისი პარტიის პოზიცია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არარეალისტურია; მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ვერ შევა ევრაზიულ კავშირში და უნდა დარჩეს ევროკავშირთან ასოცირებულ ურთიერთობებში.

„მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვისაც სურს ევრაზიული კავშირი და ვისაც სურთ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა – დღეს პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ საქართველოს რომც ძალიან მოუნდეს, ის ვერ შევა ევრაზიულ კავშირში. დღეს საქართველო არის ევროპის ასოცირებული წევრი და ეს მოგვწონს თუ არა, ამ ეტაპზე ის ვერ გადაუხვევს, ამის საშუალებას არ მოგვცემს მსოფლიო თანამეგობრობა“, – განაცხადა თარხან–მოურავმა.

„მაგრამ ჩვენ უნდა მოგვცეთ ხმა თქვენც, ვისაც გინდათ ევრაზიული კავშირი და თქვენც, ვისაც არ გინდათ და გინდათ ევროპა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც რუსეთთან საკითხებს ევროპიდან გადავჭრით … ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ევროპიდან ყველა სიკეთეს მოიტანს და ცუდს, თუ არის იქ, არ შემოუშვებს“, – განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა მოგვცეს იმ ხალხმა ხმა, ვისაც უნდა ნატოში და იმათაც, ვისაც არ უნდა ნატოში იმიტომ, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც მკაფიოდ ესმის, არ იტყუებს თავს და არც თქვენ გატყუებთ, რომ ნატოში ჩვენ არ მიგვიღებენ და ნატოც ამას ყოველდღე გვეუბნება. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ევროინტეგრაციაში და ნატოსთან  თანამშრომლობის პირობებში დაალაგებს ურთიერთობას რუსეთთან ისე, რომ აღარც კონფლიქტი მოხდება, აღარც ომი მოხდება და მოძებნის საერთო ენას რუსეთთან ისე, რომ დაიწყოს სოხუმის და ცხინვალის დაბრუნება ჯერ კიდევ სანამ შანსია… ანუ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც სტაბილურობას მოიტანს“, – განაცხადა თარხან–მოურავმა.

მსგავსი/Related

Back to top button