ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა საკუთრების დავაზე სააპელაციო სარჩელი წააგეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 10 ივნისს ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას ითხოვს, რომელთაც ის დაახლოებით ათი წლის წინ ფლობდა.

ნატალია ნაზღაიძემ, რომელიც სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში 21 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დასაბუთებული განჩინება გადაეცემათ მხარეებს.

„რუსთავი 2“ და ბევრი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ეს საქმე არის ხელისუფლების და კერძოდ, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია გააჩუმონ.

„ჩვენ ამას ველოდით… ჩვენ ვამბობდით, რომ მათთვის ცნობილია, წინასწარ არის დაწერილი გადაწყვეტილება“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა მას შემდეგ, რაც პარასკევს დილით განაჩენი გამოცხადდა.

ზაზა ბიბილაშვილმა, „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილების მფლობელების და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლების, ძმების, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატმა განაცხადა, რომ ის უზენაეს სასამართლოსგან ელის, რომ საკასაციო სარჩელს დაუშვებლად ცნობს და სადღაც აგვისტოში ადგილი ექნება „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების მცდელობას. მისი აზრით, ეს დრო, როცა ზაფხულის სეზონის ყველაზე პასიური პერიოდის გამო მოდუნებული იქნება შიდა და საერთაშორისო რეაქციები, საგანგებოდ იქნება შერჩეული 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ „რუსთავი 2“-ზე „თავდასხმისთვის“. 

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც უარყოფს რაიმე მონაწილეობას „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავაში, 7 ივნისს განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მენეჯმენტი ადგილზე დარჩეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რადგანაც ქვეყნისთვის საზიანო იქნება, თუ ტელეკომპანია საარჩევნო პერიოდის დროს სარედაქციო პოლიტიკას შეიცვლის.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ „რუსთავი 2“–ის საკუთრების თაობაზე მიმდინარე სამართლებრივი დავა არჩევნებამდე ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდება, მათ შორის ბოლო ინსტანციის სასამართლოში, ის სთხოვს ქიბარ ხალვაშს, რომ დაიცადოს და  ტელეკომპანიის მენეჯმენტი არჩევნების დასრულებამდე არ შეცვალოს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა გადაუხადოს ხალვაშს შესაძლოა ფინანსური დანაკარგების საკომპენსაციოდ.

მსგავსი/Related

Back to top button