skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მომდევნო თვეს ნატოს ვარშავის სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი „კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსთვის ჩვენი მხარდაჭერის პაკეტს“, რაც ქვეყნის მიმართ „ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება იქნება“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„ვფიქრობ, ძნელად თუ მოიძებნება ნატოს რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უფრო მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას იღებს, ვიდრე საქართველო არსებითი პაკეტით, სასწავლო ცენტრით, წვრთნებით, ნატოს მრჩევლებით, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელიც 8–9 ივლისს დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს, განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, რომ საქართველო „სამიტიდან უფრო გაძლიერებული გამოვა“.

„ნამდვილად ველი, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ მეტი ინსტრუმენტი და მეტი რესურსი გვექნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, ასევე ჩვენი თანამშრომლობის ფორმატების გასაზრდელად, რაც ხელს შეუწყობს რეფორმებს შეიარაღებულ ძალებში და გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოფიციალური პირები თბილისში აცხადებენ, რომ ვარშავის სამიტი წარმატებული იქნება საქართველოსთვის, თუ ქვეყანა თავისი თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის დამატებით ინსტრუმენტებს მიიღებს.

მართალია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს დეკემბერში, რომ საქართველოს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, მაგრამ მათ ასევე დაადასტურეს, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) ეტაპი უნდა გაიაროს, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან. ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალიანსი, სავარაუდოდ, არც წლევანდელ ვარშავის სამიტზე მისცემს საქართველოს MAP–ს. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, MAP–ის მიღება, როდესაც ამაზე ალიანსში კონსენსუსი მიიღწევა, ფაქტიურად, ნატოში წევრობაზე მიწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

„ჩემთვის ძალიან ადრეა იმაზე მსჯელობა, თუ რას გადაწყვეტენ სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურები [ვარშავის სამიტზე]“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ MAP–ის გარეშეც უამრავი რამის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

„მეტი ნატო საქართველოში და ასევე მეტი საქართველო ნატოში კარგია საქართველოსთვის, კარგია ნატოსთვის და სწორედ ამას ვაკეთებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის“, – დასძინა მან.

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ „თავისი შთამბეჭდავი რეფორმებით“ და „უფრო განვითარებული დემოკრატიით“, საქართველო „კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მათ ასევე განიხილეს საქართველოს „პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში“, კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა, ასევე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველო 861 სამხედრო მოსამსახურით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია  ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების (6 954 სამხედრო) და გერმანიის (980 სამხედრო) შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button