skip to content
ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე–პრემიერი საქართველოს სტუმრობს

ჩინეთის ვიცე–პრემიერი ჭანგ გაოლი, რომელიც თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს, 3 ივნისს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმატებით ვითარდება და თქვენი ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა“, – მიმართა კვირიკაშვილმა ჩინეთის ვიცე–პრემიერს და დასძინა, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება თბილისის „მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“.

პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მიღწეული შეთანხმებებისადმი ერთგულება და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მოკლე დროში წარმატებით დასრულდება.

საქართველოს და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თებერვალში გამართეს და ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება.

პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ახალი აბრეშუმის გზის პროექტის – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ „ის არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობის პროექტია, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს როგორც კონტინენტის ქვეყნებს, ასევე გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას“.

3 ივნისს ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს შორის, რომელიც საქართველოსა და ჩინეთში ორმხრივი საინვესტიციო და სავაჭრო საბჭოების შექმნას ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button