skip to content
ახალი ამბები

ეუთოს ურჩევენ საქართველოში 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი საარჩევნო დამკვირვებელი მიავლინოს

ეუთოს რეკომენდაცია მიეცა, რომ 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი გამოაგზავნოს საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანიაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით და ასევე 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესების მონიტორინგისთვის.
 
საქართველოს თხოვნის შემდეგ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) აპრილის ბოლოს სამწევრიანი საჭიროებების შემფასებელი მისია გამოგზავნა საქართველოში სადამკვირვებლო საქმიანობის მასშტაბისა და ტიპის დასადგენად. 

ჯგუფმა 1 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე მას „აქტიური და ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისიის“ განთავსება თხოვეს.

„გარკვეული წუხილები გამოითქვა კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით, და განსაკუთრებით კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე შესაძლო ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.  დაინტერესებულმა პირებმა მოითხოვეს აქტიური და გრძელვადიანი მისიის განთავსება, რაც უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის, განსაკუთრებით კი ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რაიონების დაფარვას“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც შეიცავს რეკომენდაციას, რომ 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი იქნას გამოგზავნილი საქართველოში.

ჩვეულებრივ, OSCE/ODIHR–ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების განთავსება არჩევნების დღემდე ექვსიდან რვა კვირამდე ვადით ადრე ხდება.

„OSCE/ODIHR–ის მთელი რიგი წინა რეკომენდაციები კვლავ გაუთვალისწინებელი რჩება, ხოლო ის კონკრეტული ასპექტები, რამაც შესაძლოა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო საქმიანობის ყურადღება მიიპყროს, მოიცავს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, კამპანიის დაფინანსებას და მედიით გაშუქებას“, – ნათქვამია შემფასებელი მისიის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მომავალი არჩევნები „პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდება, რომელიც მოიცავს მიმდინარე სამართლებრივ დავას ქვეყნის უმსხვილეს კერძო მაუწყებელზე [რუსთავი 2] და ცნობილ პირებზე ბოლო დროს გავრცელებულ ფარული ჩანაწერებს, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე“. 

ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ კამპანია იქნება „დაძაბული და უფრო პიროვნულ საკითხებზე ფოკუსირებული, ვიდრე უფრო ფართო პროგრამებზე“.

მაჟორიტარული ოლქების ახალი წესით ფორმირებასთან დაკავშირებით ანგარიში ვენეციის კომისიის მოსაზრებას იმეორებს და აცხადებს, რომ „მართალია ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპი საზღვრების ფორმირების შედეგად დაკმაყოფილდა, რაც OSCE/ODIHR–ის დიდი ხნის რეკომენდაციის გათვალისწინებას ემსახურება, მაგრამ გამოითქვა წუხილი, რომ ცვლილებები არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სხვადასხვა ასპექტებზე, თუ როგორ ხორციელდება ეს პროცესი“. ანგარიშის თანახმად, ბევრმა დაინტერესებულმა პირმა კრიტიკა გამოთქვა „პროცესის გამჭირვალობის, მიუკერძოებლობის და ფართო ჩართულობის ნაკლებობის“ გამო.

მსგავსი/Related

Back to top button