skip to content
ახალი ამბები

კორცხელის ძალადობის საქმეზე ექვს პირს ბრალი წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს განაცხადა, რომ ბრალი წარუდგინა სოფელ კორცხელში 22 მაისს შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს, რომლის დროსაც ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და აქტივისტებს სცემეს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2 ივნისს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სასამართლოსგან სავარაუდოდ დღეს მოითხოვს.

ბრალი ამ პირებს დაკავების გარეშე წარუდგინეს. ხუთ მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინეს ბრალი, რომელიც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით განხორციელებულ ხულიგნობას მოიცავს, ხოლო მეექვსე პირს ბრალი წარედგინა 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს იგივე ქმედებას ჩადენილს იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. მეექვსე ბრალდებული, ვლადიმერ გეგეშიძე, ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავემ, რომელიც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობდა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ცემაშიც მიიღო მონაწილეობა, ვიდეოკამერაზეა დაფიქსირებული, რომელსაც ხელში ხის ან ლითონის ჯოხი უკავია.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული ქმედება, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე; იგივე ქმედება ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ეს ექვსი პირი, რომლებიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერები არიან, პოლიციამ 24 მაისს დაკითხა, თუმცა მაშინ ბრალი არ წარუდგინა. მათი ნათესავები, მეგობრები და მხარდამჭერები შსს–ს წინ იყვნენ შეკრებილნი და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ არ დაეკავებინათ ისინი.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტს ამჟამად ბოიკოტს უცხადებენ.  მათ პარლამენტის სხდომათა დარბაზი 25 მაისს დატოვეს და განაცხადეს, რომ სხდომებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ კორცხელის ძალადობაში მონაწილეები და მისი ორგანიზატორები პასუხს არ აგებენ. ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად ბრალს სდებს ენერგეტიკის მინისტრს და მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და აცხადებს, რომ სწორედ ის დგას იმ ჯგუფის უკან, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრებს თავს დაესხა კორცხელში.

"გამოძიება ვერასდროს ვერ იქნება სრულყოფილი, სანამ არ დაკითხავენ ვიცე-პრემიერ კალაძეს და არ გაარკვევენ იმას, თუ ვინ ხელმძღვანელობს ამ ჯგუფს და ვისი დაკვეთით მოქმედებდნენ ისინი", – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ოთარ კახიძემ.

თორმეტმა არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა კორცხელის ძალადობის გამოძიება და მას „არაეფექტური“ უწოდა. 1 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მათ კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პოლიცია იმის გამო, რომ ვერ აღკვეთა და შესაფერისი და დროული რეაგირება ვერ მოახდინა ინციდენტზე.   

მსგავსი/Related

Back to top button