ახალი ამბები

საქართველომ „გაზპრომთან“ შეთანხმებას ტრანზიტის არსებული პირობებით მოაწერა ხელი

საქართველომ და რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება უკვე დიდი ხნის მანძილზე არსებული პირობებით გრძელდება და თბილისი რუსეთიდან სომხეთისთვის საქართველოს გავლით მიწოდებული ბუნებრივი აირის 10%–ს მიიღებს კვლავაც, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

„ზუსტად იგივე ვადით, იგივე პირობებით ხდება კიდევ ერთი დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულებაზე“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა და დასძინა, რომ შეთანხმება ახლა საქართველოს მთავრობაში შიდა პროცედურებს გადის, რათა ძალაში შევიდეს.  

„ხელშეკრულების პირობა, რომელიც დადებულია გაზპრომ ექსპორტსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შორის, არის უცვლელი, ანუ 10% გატარებული მოცულობისთვის და ბუნებრივია, ხელშეკრულების ვადაც არის მხოლოდ ერთწლიანი, განსაზღვრული მხოლოდ წლის ბოლომდე“, – დასძინა მან.

„გაზპრომს“ ტრანზიტის საფასურის მონეტიზაცია სურდა და გატარებული გაზის 10%–ის ნაცვლად, თანხის გადახდას სთავაზობდა. მართალია თბილისი თავიდან თითქოს მზად იყო „გაზპრომის“ მოთხოვნას დათანხმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღებას მიაღწია, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ახალმა შეთანხმებამ  საქართველო უპირატეს პოზიციაში ჩააყენა, რათა „გაზპრომისგან“ უფრო დაჟინებით მოეთხოვა ტრანზიტის არსებული პირობების შენარჩუნება.

მსგავსი/Related

Back to top button