skip to content
ახალი ამბები

სადამკვირვებლო ორგანიზაციების თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი ‘გაურკვევლობას’ იწვევს

პრეზიდენტის განკარგულებები, რომელთა მიხედვითაც, არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი, ხოლო ამ სამართლებრივი აქტების ამოქმედების ვადად 8 აგვისტოა განსაზღვრული, საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გაურკვევლობას წარმოშობს, აცხადებენ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“.

„8 ოქტომბრის დასახელება ასე ადრე არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ, როდის არის არჩევნების დღე, ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომლებიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით“, – განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 7 აპრილს ჟურნალისტებს და კონკრეტულად იმ ხარჯებზე მიანიშნა, რომლებიც ცესკოსა და საოლქო კომისიების თანამშრომლებისთვის საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული ხელფასის დასაფარად გაიწევა.    

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის მომდევნო დღეს გადაუგზავნა 5 აპრილს გამოცემული განკარგულებები, რომელთა მიხედვითაც, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად, 8 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა. მთავრობას 10 დღის ვადა აქვს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განსახილველად და მოწონების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაციის პროცესი დასრულებულად ითვლება და არაუგვიანეს მომდევნო დღისა, დოკუმენტი ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე განსაზღვრავს საარჩევნო კამპანიის დაწყებას, რასაც თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება მთელი რიგი შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის და ასევე მედიის მიერ კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის თაობაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ პრეზიდენტის განკარგულებების ის ჩანაწერი, რომელიც აქტის ძალაში შესვლის თარიღად 8 აგვისტოს განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან და ქმნის რისკს „ხელოვნურად მოხდეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის გადავადება“.

აცხადებს რა, რომ „კამპანიის დაწყების თარიღის გაურკვევლობას, შეუძლია არსებითად უარყოფითი გავლენა  მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე“, საია მოუწოდებს მთავრობას, რომ  „მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს განკარგულება საქართველოს პრეზიდენტს“.

არჩევნებზე დამკვირვებელი ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება „წინასაარჩევნო პერიოდში სამართლებრივი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს, ნაცვლად იმ მომენტისა, როცა არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული [არჩენების დანიშვნის] პროცესი წარიმართა სპონტანურად და არათანამიმდევრულად, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცალსახა და ნათელი იყოს საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რასაც არაერთი საკანონმდებლო რეგულაციის ამოქმედება უკავშირდება“, – განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი 5 აპრილს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ დანიშნა. მთავრობას შესაბამისი სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის თაობაზე  გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

მსგავსი/Related

Back to top button