skip to content
ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი 30 მარტს საქართველოს სტუმრობს, რათა, როგორც მისმა უწყებამ განაცხადა, „მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს და მის ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს“.

„ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და როგორც წარმატების მაგალითს რეგიონში“, – განაცხადა მინისტრმა ვიზიტის დაწყებამდე,  „დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობის და ორმხრივი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარების გზაზე, რაც მას კიდევ უფრო დაახლოებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან“.

„ჩვენ გვახსოვს გადაუჭრელი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის ძალიან მტკიცედ ვდგევართ პოზიციაზე, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, უნდა ჰქონდეთ საშუალება სუვერენული არჩევანისა, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე“, – განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ის სიტყვით გამოვა ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე თბილისში და ასევე მოინახულებს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოებს, რაც შაჰ–დენიზი 2-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი/Related

Back to top button