skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში სომხეთის ხელმძღვანელობას შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა 25 მარტს ერევანში თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში „პრობლემები არ არსებობს“.

„არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით წყდება“, – განაცხადა მან.

ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25 მარტს ასევე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს და პრემიერ–მინისტრს, ჰოვიკ აბრაჰამიანს.

„იმის თქმა, რომ სომხეთს და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს, ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა თქვა“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „ეს არის მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული და დროის გამოცდას გაუძლო.  ჩვენს ქვეყნებს შორის ეს ურთიერთობები განვითარებას და გაღრმავებას განაგრძობს“.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა თავის განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს  – საქართველო, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, და სომხეთი, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია – განიხილავს როგორც შესაძლებლობას და არა დაბრკოლებას ორმხრივ თანამშრომლობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა იმ ფაქტს, რომ  ორი ქვეყნის განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობები მაინც წარმატებით ვითარდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანელიძე ასევე მიესალმა ევროკავშირსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ახალ ჩარჩო შეთანხმებაზე.  

ჯანელიძის სომხეთში ვიზიტამდე ხუთი კვირით ადრე თბილისმა 19 თებერვალს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ რეგულარულ შეხვედრას უმასპინძლა.

მსგავსი/Related

Back to top button