skip to content
ახალი ამბები

მმართველი კოალიცია არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფს ქმნის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს 19 მარტს, ბოლო ორ თვეში უკვე მეორედ შეხვდა, სადაც მონაწილეები საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ინტერპარტიული ჯგუფიდან შევლენ მამუკა კაციტაძე ახალი მემარჯვენეებიდან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი „გაერთიანებული დემოკრატებიდან“ და გოჩა თევდორაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობიდან ქართული ოცნების დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, პაატა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე და შალვა კიკნაველიძე. ჯგუფში პრემიერ-მინისტრს მისი საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარმოადგენს.

 „გადაწყვეტილებების მიღების მანდატით“ აღჭურვილი ეს ჯგუფი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშაობას იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით მომავალ კვირას  ინტერპარტიული ჯგუფის წევრების მიერ უკვე შემუშავებული „გარკვეული წინადადებათა პაკეტის“ განხილვით დაიწყებს და ამ პროცესს, სავარაუდოდ, აპრილში დაასრულებს.

„ეს არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ შევათანხმოთ, თუკი რაიმეს შეთანხმება შეიძლება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც ქართული ოცნების სხვა დეპუტატებთან და იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან ერთად ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრთან შაბათს გამართულ შეხვედრას.

ბაჩუკი ქარდავამ არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება შესაძლოა „გარკვეულ კომპრომისებზე“ წავიდეს.

სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგის კონკრეტული საკითხები ჯერ-ჯერობით უცნობია. ოპოზიციის უკვე დიდი ხნის მთავარი მოთხოვნაა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი გაუქმდეს, თუმცა ქართული ოცნება ამ წინადადების გაზიარებას მხოლოდ პოსტ-საარჩევნოდ თანხმდება. ამ დროისთვის მმართველ კოალიციას უკვე მიღებული აქვს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც მაჟორიტარის ასარჩევად 50%-იანი ბარიერის შემოღებას და ერთმანდატიანი ოლქების ახალ საზღვრებში ფორმირებას ითვალისწინებს  – ამ ცვლილებებს ვენეციის კომისიამ „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა, თუმცა ასევე მიუთითა გარკვეულ ხარვეზებზე და ცვლილებების მომზადების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ნაკლებობაზეც მიანიშნა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ ხელისუფლება იგნორირებას არ უკეთებს არცერთი პოლიტიკური ძალის მიერ გამოთქმულ ამა თუ იმ წინადადებას საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა, ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button