skip to content
ახალი ამბები

სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი გახდა



კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტში დამტკიცების დროს, 2016 წლის 2 მარტი. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახდა მას შემდეგ, რაც 17 მარტს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ის ამ თანამდებობაზე დაამტკიცა. 

მან ამ პოსტზე გიორგი ქადაგიძე შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების შვიდწლიანი ვადა თებერვლის ბოლოს ამოეწურა.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტი, კობა გვენეტაძე მანამდე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრად პარლამენტმა 2 მარტს დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეარჩია; მან კოალიცია ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების და ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა; ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა თავი შეიკავეს მისი მხარდაჭერისგან.

„მიმაჩნია, რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ნამდვილად გამოადგება საქართველოს ეროვნულ ბანკს და იმ პოზიტიურ პროცესებს, რომელთა იმედი გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გვენეტაძის დანიშვნის შემდეგ.

გვენეტაძე ახალი თანამდებობის დაკავებამდე ეკონომიკურ საკითხებში კომპანია Galt and Taggart-ის მრჩევლად მუშაობდა, 2002-2015 წლებში კი მას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში უფროსი ეკონომისტის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის სახელმწიფო სამსახურში იყო და 2001-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2000-2001 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

2008 წლის დასაწყისიდან 2009 წლის ბოლომდე ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი იყო აზერბაიჯანში, ხოლო 2010–2014 წლებში – სსფ–ის რეგიონალური წარმომადგენელი ყირგიზეთში.

16 მარტს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ორ წევრს შეხვდნენ და სხვა საკითხებთან ერთად, როგორც პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, „ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები“ განიხილეს.

ბოლო კვირის მანძილზე ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 5%–ით გამყარდა და 16 მარტს 2.32–იან ნიშნულს მიაღწია, რაც 3.3%–იანი გამყარებაა წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელთან და 6.7%–იანი შესუსტება ერთი წლის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button