skip to content
ახალი ამბები

პროკურატურის თქმით, ორი პირია დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ბრალდებით

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ორი პირი დააკავა პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ბრალდებით.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ზურაბ ჯამალაშვილისა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძის დაკავება ვიდეოების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე არ განხორციელებულა.

ამდენად, ჯერ-ჯერობით არ არის დადასტურებული რამენაირად უკავშირდება თუ არა ეს დაკავებები ბოლო დღეებში ინტერნეტ სივრცეში ორი ინტიმური ვიდეოს ატვირთვას და პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის მიმართ მუქარას მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუ ისინი თავიანთ საქმიანობაზე უარს არ იტყვიან.

„მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის მოკლე განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისთვის პროკურატურის მტკიცებულებები ამ ეტაპზე უცნობია და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button