skip to content
ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობები დატოვეს

მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლი გუბერნატორები, შესაბამისად, ნუგზარ ყიფიანი და ზურაბ რუსიშვილი, რომლებიც ამ თანამდებობებზე 2013 წლის დეკემბრიდან მსახურობდნენ, დაკავებული პოსტებიდან გადადგნენ, იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია მიზეზების დაკონკრეტების გარეშე.

ამავე ცნობით, მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორის თანამდებობაზე გოჩა ზეიკიძე დაწინაურდება, რომელსაც 2014 წლიდან ამავე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა ეკავა. შიდა ქართლში კი გუბერნატორის თანამდებობა ჯერ-ჯერობით ვაკანტური რჩება; მოვალეობის დროებით შესრულება პირველ მოადგილეს, იოსებ ოქრომელიძეს დაეკისრება. 

ეს სახელმწიფო რწმუნებულების პირველი ცვლილებაა მას შემდეგ, რაც მთავრობას დეკემბრიდან გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

მისი ადმინისტრაციის ცნობით, „ამ ეტაპზე“ საკადრო ცვლილებები ცხრიდან მხოლოდ ორ რეგიონში განხორციელდა.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ადრე მოუწოდა პრემიერ–მინისტრს, რომ შეეცვალა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, რადგანაც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი ორგანიზებით ვიდეოფილმის „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენებები იმართებოდა ქვეყნის მასშტაბით. ამ ჩვენებებს პროტესტი მას შემდეგ მოყვა, რაც გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ქალაქის სკოლის მოსწავლეები ორგანიზებულად წაიყვანეს პატიმართა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის კადრების შემცველი ამ ფილმის საყურებლად. პარლამენტში პრემიერ-მინისტრად დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხის დეტალებს არ იცნობდა და შეისწავლიდა მას; თუმცა, მას შემდეგ პრემიერ–მინისტრს ამ საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია.

 

მსგავსი/Related

Back to top button