skip to content
ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს, რომელსაც 26 თებერვლის თავდასხმის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, დამატებითი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთების საჭიროება ერთ–ერთი ჭრილობის გართულებამ განაპირობა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ პეტრიაშვილის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“.

ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, 26 თებერვალს თბილისში მეგობრის საფლავზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

ჯერჯერობით შსს–ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია თავდამსხმელების ვინაობის ან მოტივების შესახებ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერებმა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციის მისაღებად. 

შსს–მ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ეხება.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერები აცხადებენ, რომ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა იქნას გამოძიებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 29 თებერვალს განაცხადა, რომ ამ „ამაზრზენი“ დანაშაულის ჩამდენები „რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით“.

„ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც უცებ ჩაივლის იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მსგავსი/Related

Back to top button