ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეობიდან 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე გაათავისუფლა.

მამუკა ახვლედიანი ბოლო პერიოდში ღიად აკრიტიკებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას და ერთ-ერთ თავის ბოლო გამოსვლაში ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დროს ტესტები წინასწარ გახდა ხელმისაწვდომი სულ ცოტა ერთი კანდიდატისთვის, რაზეც საბჭოში მოკვლევა ჩატარდა. როგორც ახვლედიანის აცხადებდა, მისი ამ განცხადების შემდეგ, საბჭომ მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 

ახვლედიანმა მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას "პირადი შურისძიება" და "პირდაპირი დევნა" უწოდა.

თუმცა იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობამ უარყო, რომ ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე მიიღო და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ის „პრობლემები“ გახდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა განაწილების და „მენეჯმენტის ეფექტურობის“ კუთხით დაფიქსირდა

„ეს არ ყოფილა რევანში“, – განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და დასძინა, რომ ახვლედიანი, რომელიც 2007 წლიდან რუსთავის, ხოლო 2012 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რიგით მოსამართლედ რჩება.

„მას შეუძლია ყოველთვის გამოხატოს თავისი პოზიცია თამამად, არავინ არ დევნის მას“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ორშაბათს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელსაც საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა მხარი 1-ის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების წინააღმდეგ იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა ვახტანგ მჭედლიშვილმა მისცა ხმა, რომლის შეფასებითაც, საბჭო თავის უფლებამოსილებას გასცდა და ასევე შეცდომა დაუშვა, როცა ახვლედიანი, რომელიც იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დასწრებია, ისე გაათავისუფლა, რომ არ მოუსმინა მას.

არსებული კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან.  დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტს მეორე და მესამე მოსმენით ჯერ კიდევ მისაღები აქვს, სასამართლოს თავმჯდომარეებს საბჭო მოსამართლეთა შეთავაზების საფუძველზე დანიშნავს. ამავე ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, საქმეები მოსამართლეებზე ელექტრონული წესით განაწილდება და არა სასამართლოს თავმჯდომარეთა გადაწყვეტილებით. 

ახვლედიანის გათავისუფლების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს გიორგი ებანოიძეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ამავე კოლეგიის მოსამართლეს ეკა არეშიძეს დააკისრა.

 

მსგავსი/Related

Back to top button