skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას მიუნხენში შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 12 თებერვალს ირანელ კოლეგას მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

„დაფიქსირდა მხარეთა მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება შეხვედრის შესახებ, „ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა 2016 წლის 16 იანვრიდან ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) განხორციელების დაწყებას და ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის მნიშვნელობას, რაც წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს  ურთიერთობების  შემდგომი განვითარებისთვის“.

მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი და ხაზი გაუსვეს „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობას და ქვეყნის მიერ ამ მიმართულების განვითარების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს“.

ამ შეხვედრას წინ უძღოდა 9 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის შორის თანამშრომლობის საკითხებზე შემდგარი სატელეფონო საუბარი და იმავე დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გასაჯაროება ირანის მოქალაქეებისთვის 15 თებერვლიდან უვიზო რეჟიმის აღდგენის თაობაზე მას შემდეგ, რაც საქართველომ 2013 წლის ივლისიდან ცალმხრივად შეაჩერა უვიზო მიმოსვლის თაობაზე ორ ქვეყანას შორის 2011 წლის იანვრიდან მოქმედი შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანელმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეირანში ოფიციალური მიწვევა გადასცა.

მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც მიუნხენში ვიზიტით მყოფ პრემიერ კვირიკაშვილს დელეგაციაში ახლავს თან, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან ასელბორნთან და განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან, ჰანა სერვა ტეტეჰთან; ის ასევე შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს.

მსგავსი/Related

Back to top button