skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსების კომენტარები აშშ-ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშზე

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში მოყვანილი შეფასება იმის თაობაზე, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა „ეფექტური რუსული პროპაგანდის“ და ქართულ ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპით გამოწვეული მზარდი იმედგაცრუების გამო, წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ დასავლეთმა უნდა დააჩქაროს ხელშესახები შედეგების ჩვენება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი განაცხადა, რომ ეს შეფასება „ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, სადამდეც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა“ ქვეყანა მიიყვანა დასავლური კურსის შეცვლის მცდელობის შედეგად.

მსოფლიო მასშტაბით საფრთხეების შეფასების თაობაზე ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა 9 თებერვალს აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა, ნათქვამია: „მზარდმა იმედგაცრუებამ საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის ნელ ტემპთან დაკავშირებით და სულ უფრო ეფექტურმა რუსულმა პროპაგანდამ გაზარდა იმის პერსპექტივა, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს ან შეაჩეროს უფრო მეტი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ „წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური არის, ანგარიშგასაწევია, ყურადღება მისაქცევია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება“.

მისი თქმით, ანგარიშში საუბარი არის იმაზე, რომ „თუკი დასავლეთი ვერ მოახერხებს, რომ საკუთარი დაპირებები შეასრულოს და შედეგები დადგეს ქვეყანაში ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, თუკი ქვეყანაში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება და დასავლეთის მიერ კონკრეტული ქმედებების დაგვიანება, ბუნებრივია, ამ პროპაგანდას, მისი უარყოფითი გავლენების საზოგადოებაში გავრცელება-ტრანსფორმაციას ხელს უწყობს, მაშინ შესაძლებელია რუსული ნარატივი გაიზარდოს საქართველოში“.

თუმცა, ხიდაშელმა განაცხადა, რომ მას მტკიცედ სჯერა, რომ ამგვარი სცენარი ნაკლებად შესაძლებელია, მათ შორის იმის გამოც, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის მოგონებები არ განელებულა.

„მაგრამ ვიმეორებ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი, ყველას ერთობლივი ამოცანა არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება. ჩვენ, ქართველებმა, მთლიანად ერმა, ქვეყანამ, როგორც ასეთმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო და უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო და უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში – ეს არის ამ პრობლემის მთავარი გასაღები“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა ბრიუსელში, სადაც ის ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში 11 თებერვალს ალიანსის წევრი ქვეყნებიდან კოლეგებთან გამართავს შეხვედრებს.

პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის ანგარიში „მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან იგი მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის და ზოგადად, დასავლეთის ლიდერებს დააჩქარონ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტემპი“, რათა ამან საფუძველი გამოაცალოს საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ რუსეთის მიზანმიმართულ პროპაგანდას.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ გაფრთხილება იმის შესახებ, რომ საქართველომ შესაძლოა შეაჩეროს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია, „ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, სადამდეც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა მიიყვანა“. მისი თქმით, მთავრობა „გაზპრომის გულში ჩაკვრის პოლიტიკას“ ახორციელებს და  ბიუჯეტიდან რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ მედია-საშუალებებს აფინანსებს; თუმცა, მისი თქმით, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში უმეტესად პროდასავლურია, „ივანიშვილი მკვეთრ მოძრაობებს ვერ აკეთებს და პროდასავლურ პოლიტიკას სიტყვით, თითქოსდა, აგრძელებს“. „ეს ანგარიში აჩვენებს რეალურად საით მიყავს ივანიშვილს საქართველო. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ ძალიან საზიანო პოლიტიკას ქართველი ხალხი წლევანდელ არჩევნებზე დაასრულებს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი 10 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს ანგარიშის განსახილველად შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სამწუხაროდ“, ანგარიშის „არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა აქ, საქართველოში“.

„ეს არის ანგარიში, რომელიც ჩვენმა დაზვერვის ანალიტიკოსებმა მოამზადეს“, – განაცხადა მან, „ეს გამიზნულია აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების და მთავრობის ოფიციალური პირების ინფორმირებისკენ იმ შესაძლო რისკების შესახებ, რასაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აქ, საქართველოში ვხედავთ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასება და ამიტომ, მე მინდოდა ძალიან მკაფიოდ მეთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ აბსოლუტურად არანაირი ეჭვი არ გვაქვს იმაზე, რომ ეს მთავრობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულია“.

მსგავსი/Related

Back to top button