skip to content
ახალი ამბები

„დელტას“ ცნობით, მოლდოვას ქართული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შეძენა სურს

მოლდოვას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შეძენაზე, განაცხადა „დელტამ“.

9 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში, „დელტა“ იტყობინება, რომ  მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარის მიწოდებაზე, რომელიც მოლდოვას ტერიტორიის ნახევარს დაფარავს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი „დელტა“ თავისი სპეციალისტების მოლდოვაში გაგზავნას აპირებს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად.

„პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ  კი ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

„დელტას“ ცნობით, ამ საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ ოქტომბერს მოლდოვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ჩამოვიდა და ქართული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ადგილზე დაათვალიერა.

„დელტამ“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანიაა და ძირითადად, სამხედრო წარმოებაზეა ფოკუსირებული, იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ მან მოიგო ტენდერი, რომლის საფუძველზეც სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს საუდის არაბეთს მიაწვდის.

მსგავსი/Related

Back to top button