skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი პანკისის ხეობაში ადგილობრივებს შეხვდა

პრეზიდენტი მარგველაშვილი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად 30 იანვარს პანკისის ხეობას სტუმრობდა.

სოფელ დუისში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს, როცა მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის იმ ბოლოდროინდელ ბრალდებებზე ჰკითხეს, რომ პანკისის ხეობას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები თითქოს წვრთნებისთვის იყენებენ, მარგველაშვილმა ღიმილით უპასუხა: „ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ აქ?“ კითხვის ავტორმა უპასუხა:“ შეიძლება, რატომაც არა? საკუთარი თვალით ნახოს, რომ პანკისის ხეობაში არაფერი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არ ხდება“.

მოგვიანებით ჟურნალისტების მხრიდან დასმულ ამავე შეკითხვაზე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ის ლავროვის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

„მე ვარ პანკისის ხეობაში და ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩები, ჩემთან ერთად ხართ თქვენ, ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ როგორი არამც თუ რამე სირთულე, არამედ როგორი სიმშვიდე არის აქ“, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს, „პრობლემები აქ იგივეა, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში  – გადასაწყვეტია ინფრასტრუქტურული პრობლემები, გადასაწყვეტია გაზიფიკაციის საკითხი, არის საჭიროება, რომ უფრო მეტად დავასაქმოთ ახალგაზრდობა“.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში: „მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ შემომთავაზა, საქართველოს ამ უმშვენიერეს რეგიონში მასთან ერთად ჩამოვსულიყავი. ვფიქრობ, იცით, რომ შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, წარმატება. ძლიერი დემოკრატია კი ინკლუზიური საზოგადოებაა. ამიტომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტს დუისში მისი დღევანდელი სტუმრობისას.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებებზე შეკითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა: „პრემიერ-მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტთა მოსამზადებელი ცენტრები არ არის. როგორც მოისმინეთ, იგივე გაიმეორა პრეზიდენტმაც. ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე [პრემიერისა და პრეზიდენტის] სიტყვების მჯერა. პანკისის ხეობაში ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკები არ არის.“

მსგავსი/Related

Back to top button