skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ექვსი კანდიდატურა განიხილება

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ექვსი კანდიდატურა განიხილება საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ადგილის დასაკავებლად, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვლის ბოლოს ეწურება.

ეს კანდიდატები არიან: არჩილ იაკობაშვილი, რომელიც 2007 წლიდან სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში; გიორგი ბაქრაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი;  ფინანსისტი გიორგი ფაილოძე; თემურ ჭეიშვილი, საფინანსო კორპორაცია Internationale Nederlanden Groep (ING)-ის საინვესტიციო მართვის დირექტორი; ასევე კობა გვენეტაძე და მაია მელიქიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც შერჩევის მრავალთვიან პროცესს უწევს კოორდინაციას, 27 იანვარს მათი დასახელებისას განაცხადა, რომ კანდიდატებზე ექსპერტები განათლების, პროფესიონალიზმისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმსჯელებენ, რის შემდეგაც უკვე მომავალ კვირას კანდიდატები წარედგინება პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში ქადაგიძის შემცვლელს პარლამენტს 7 წლის ვადით ასარჩევად წარუდგენს. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ წარდგენილი კანდიდატურა, დამტკიცების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს  წარდგინების საფუძველზე ნიშნავს.

გიორგი ქადაგიძის გარდა, ეროვნული ბანკის 7-წევრიან საბჭოში უფლებამოსილებები 2016 წლის ბოლოს ასევე ეწურებათ კიდევ სამ წევრს: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილსა და ოთარ ნადარაიას, ასევე საბჭოს წევრს ლაშა ჯუღელს.

მსგავსი/Related

Back to top button