skip to content
ახალი ამბები

საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში

საქართველოს მაჩვენებელი საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კორუფციის აღქმის ინდექსში უცვლელი დარჩა.

2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელიც 27 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს 52 ქულა აქვს, რაც 2014 წლის მაჩვენებლის იდენტურია.

ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალაზე ხდება.

ამ შკალაზე საქართველოს მაჩვენებელი 2012 წელს იყო 52, 2013 წელს – 49 და 2014-15 წლებში კვლავ 52.

„ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა“, – განაცხადა საეთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ.

არსებული 52 ქულით საქართველო ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას უსწრებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა და ის ასევე უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე ევროკავშირის წევრი უნგრეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია და რუმინეთი.

კორუფციის აღქმის ინდექსში, საქართველო 52 ქულით 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, რომელიც საერთაშორისო გამჭირვალობის გლობალური ქსელის წევრია, განაცხადა, რომ საქართველომ 2015 წელს რიგი ნაბიჯები გადადგა ანტიკორუფციული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, მათ შორის დაამტკიცა განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2017 წლიდან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედებას გულისხმობს; და გააუმჯობესა მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა.

თუმცა, ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ „შემდგომი პროგრესისთვის“ აუცილებელია „ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა“.

ამ საკითხებს შორის ჩამოთვლილია: სახელმწიფო ინსტიტუტებზე „არაფორმალური გავლენის“ აღმოფხვრა; დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი; ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის გამიზნული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმების შექმნა; დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება; საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მიღება-დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს; ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა იმგვარი საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების საქმიანობაში, როგორიცაა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საჯარო სამსახურის ბიურო; სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button