skip to content
ახალი ამბები

დიდთოვლობისა და გრიპის ვირუსის გამო 380 სკოლაში სწავლა შეწყდა

380 სკოლაში, რაც საჯარო სკოლების 18.2% შეადგენს, სწავლის პროცესი სამი დღის განმავლობაში შეწყდება 27 იანვრიდან, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

200 სკოლა, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო დაიხურა; 180 სკოლაში კი, სამინისტროს ცნობით, სწავლა გრიპის ვირუსის გავრცელების გამო შეჩერდა.

უამინდობამ აჭარის რეგიონში 124 სკოლის დროებით დახურვა განაპირობა, საიდანაც 27 სკოლა ბათუმში მდებარეობს. ამავე მიზეზით 58 სკოლა გურიის რეგიონშია დახურული; 13 სკოლა კახეთში და 5-იც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

განათლების სამინისტროს განცხადებით, მან  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე სამი დღით სწავლის პროცესი იმ 180 სკოლაში შეაჩერა, სადაც გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თბილისში ამ მიზეზით 48 საჯარო სკოლა დაიხურა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იანვარში H1N1 ვირუსმა სამი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ერთი ლეტალური შემთხვევა H3N2 ვირუსმა გამოიწვია; ყველა ამ შემთხვევაში, ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებმა სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყოველ იანვარს გრიპის შემთხვევები აქტიურდება და დღევანდელი ვითარება „პანიკის“ საფუძველს არ ქმნის, რადგან „არ განსხვავდება შარშანდელის, შარშანწინდელის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში და რაღაც განსაკუთრებული ქვეყანაში არ ხდება“. 

„გრიპი არის ქვეყანაში, დიახ, გრიპი იმატებს, მაგრამ მას ეპიდემიური ზღურბლი არ გადაულახავს და ჯერ შორს ვართ ეპიდემიის ზღურბლისგან“, – განაცხადა მან.

მსგავსი/Related

Back to top button