skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს 27 იანვრამდე განესაზღვრათ ვადა, რათა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები შესთავაზონ.

საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდება, რაც ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს საბჭოს წევრობის 7-წლიანი უფლებამოსილების ვადა თებერვალში ამოეწურება.

პროცედურის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ქადაგიძის შემცვლელს პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტი მარგველაშვილი წარუდგენს. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ წარდგენილი კანდიდატურა, დამტკიცების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს  წარდგინების საფუძველზე ნიშნავს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურის შერჩევას კოორდინაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უწევს, რომელმაც ივნისიდან, როცა ამ საკითხზე კონსულტაციების პროცესი დაიწყო, არაერთი შეხვედრა გამართა დაინტერესებულ წრეებთან.

ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 20 იანვარს გამართულ მორიგ ამგვარ შეხვედრაზე, მათ დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცათ კანდიდატურების წარსადგენად, რომელთა შერჩევის კრიტერიუმებად, აბაშიშვილის განცხადებით,  განისაზღვრა „განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“

„27-ში ექსპერტებს გადაეგზავნებათ კონკრეტული კანდიდატურები და დაიწყება შეფასების პროცედურა“, – განაცხადა აბაშიშვილმა, „ამის შემდეგომ იქნება წარდგენილი პრეზიდენტისთვის კანდიდატურები და პრეზიდენტი დაასახელებს შემდგომ ერთ-ერთ მათგანს… მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში“.

ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხი კანდიდატურის ირგვლივ მიმდინარეობს მსჯელობა, რომელთა ვინაობაც ჯერ არ სახელდება.

ეროვნული ბანკის 7-წევრიან საბჭოში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გარდა, უფლებამოსილებები 2016 წლის ბოლოს ასევე ეწურებათ კიდევ სამ წევრს: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილსა და ოთარ ნადარაიას, ასევე საბჭოს წევრს ლაშა ჯუღელს.

მსგავსი/Related

Back to top button