ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურ დირექტორს ვენაში შეხვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურ დირექტორს ელენა ბურმისტროვას 20 იანვარს ვენაში შეხვდება. 

“ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დარგისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუში საუბრისას. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ის „გაზპრომთან“  მოლაპარაკებებს საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებზე აწარმოებს – „გაზპრომს“ სურს, რომ ტრანზიტის საფასური საქართველოს გადაუხადოს არა გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის სახით, არამედ ფინანსური ფორმით.

მოლაპარაკებები ასევე მოიცავს „გაზპრომისგან“ დამატებითი გაზის შესაძლო შეძენის საკითხსაც, რათა შეივსოს ის დეფიციტი, რომელიც ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარების გამო არის მოსალოდნელი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ამ დეფიციტის წინაშე ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დროს დადგება, სანამ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR–ი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას იმ მილსადენის გამტარუნარიანობის გასაზრდელად, რომლითაც საქართველოს გაზი მოეწოდება და ასევე სანამ დასრულდება შან–დენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.



საქართველოს გაზმომარაგება წლების და წყაროების მიხედვით 2003-2015 წლების განმავლობაში. 2015 წლის მონაცემები წინასწარია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

კალაძემ, რომელიც სექტემბრის შემდეგ უკვე სამჯერ შეხვდა „გაზპრომის“ აღმსასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს, განაცხადა, რომ რუსეთის წილი საქართველოს წლიურ გაზმომარაგებაში შესაძლოა არსებული 11%–დან 20%–მდე გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო „გაზპრომიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის იმპორტს დაიწყებს.

ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მიერ შარშან გაზის მოხმარებამ 2.47 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა, რომლის 88.5%–იც აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button