skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვია ევროკავშირის ის აქტიური ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რიგაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლაიმდოტა სტრაუიუმასთან შეხვედრის შემდეგ. 

ლატვიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ რიგა მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედებას და კვლავაც დაეხმარება საქართველოს რეფორმების პროცესში.

„ახლა ლატვია არის ერთ-ერთი აქტიური ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული არაფერ სხვაზე, გარდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა“, – განუცხადა უსუფაშვილმა 18 იანვარს ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ამ კუთხით ლატვიელი კოლეგები „ძალიან კონკრეტული მიმართულებებით“ აგრძელებენ მუშაობენ.

ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება და განაცხადა, რომ 2016 წლის დასაწყისში  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროპარლამენტს დასამტკიცებლად საკანონმდებლო ინიციატივას შესთავაზებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღონ. თბილისი იმედოვნებს, რომ ეს პროცედურები  2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება. ანალოგიური პროცედურებია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული უკრაინისთვისაც.

კითხვაზე როდის შესთავაზებს ევროკომისია ოფიციალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება მისცენ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში  ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა უპასუხა ჟურნალისტებს ბრიუსელში 18 იანვარს: „რაც შეეხება უკრაინას, ჯერ კიდევ გარკვეული ვალდებულებებია ასაღები პრეზიდენტის მიერ და პრემიერ–მინისტრის მიერ შესასრულებელი, რაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია“. 

„თუმცა, ველით, რომ ძალიან მალე ანგარიშს მივიღებთ და შემდეგ გვექნება შეფასება პირველი კვარტლის განმავლობაში; ვფიქრობ, წინ წავიწევთ ვიზალიბერალიზაციის შეთავაზების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მინიჭებას სხვა „გარკვეული შეფერხებები“ ხელს არ შეუშლის.  

„თუ სხვაგან სადმე შეიძლება იყოს გარკვეული შეფერხებები, ამან არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ურთიერთობები“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელშიც შედიან ქართული ოცნების დეპუტატები თედო ჯაფარიძე და გიორგი კახიანი, ასევე ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე თავისუფალი დემოკრატებიდან, 19 იანვარს ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერთან, ინარა მურნიეცესთან გამართავს შეხვედრას. 

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილი იყო საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან  რაიმონდს ვეიონისთან, თუმცა უსუფაშვილის თქმით, ეს შეხვედრა პრეზიდენტის „ავადმყოფობის“ გამო ვერ შედგა. „ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და ველით მას უკვე თბილისში“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, რაიმონდს ვეიონისის საქართველოში სტუმრობა აპრილის დასაწყისში იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button