skip to content
ახალი ამბები

საპროტესტო აქცია „არა გაზპრომს“ თბილისში გაიმართა



მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე აქცია-კონცერტზე "არა გაზპრომს", რომელიც 16 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაიმართა. 

რამდენიმე მუსიკალურმა ჯგუფმა და მომღერალმა საპროტესტო აქცია-კონცერტი გამართა 16 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციის წინ იმ მოლაპარაკებების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ აწარმოებს.

აქცია „არა გაზპრომს“ ორგანიზებული იყო ჯგუფის მიერ სახელწოდებით „დაიცავი თავისუფლება“, რომელიც იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს, რომლებიც შემოდგომიდან აწარმოებენ კამპანიას საქართველოში „პუტინის პროპაგანდის წინააღმდეგ“.

კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე ასეულ დემონსტრანტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორმა ნინო დანელიამ მიმართა და განუცხადა, რომ მათი შეკრების მიზანი არის ქვეყნის დაცვა „კოლაბორაციონისტული“ მთავრობისგან, რომელსაც ძალიან ხმამაღლა უნდა გააგონონ, რომ არ სურთ „გაზპრომის“ გაზი, რადგან ეს კრემლის ხელში პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, ის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებისა და მისგან დამატებითი გაზის შეძენის თაობაზე აწარმოებს იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც გაზრდილი მოხმარების გამო არის მოსალოდნელი. „გაზპრომს“ სურს, რომ ტრანზიტის საფასური საქართველოს გადაუხადოს არა გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის სახით, არამედ ფინანსური ფორმით. ტრანზიტისთვის მიღებული ბუნებრივი აირის გარდა, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა 2013 წლისა, ასევე ყიდულობდა მცირე ოდენობით დამატებით გაზს „გაზპრომისგან“.

დამატებითი გაზის შეძენის თაობაზე „გაზპრომთან“ ხელისუფლების მოლაპარაკებები ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა, რადგან ოპონენტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთზე საქართველოს ენერგო დამოკიდებულება გაზარდოს  და უარყოფითად იმოქმედოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე, რომელზეც საქართველოს ყოველწლიური გაზმომარაგების 87% მოდის.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტი აზერბაიჯანული გაზის მიღება „ტექნიკური“ მიზეზების გამო ვერ ხერხდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა გაზის მოხმარება პიკს აღწევს საქართველოში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის SOCAR–ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი 13 იანვარს თბილისს სტუმრობდა და მოლაპარაკებები გამართა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და კახა კალაძესთან. SOCAR–ის ქართული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაჰირ მამადოვმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა,  რომ მათ განიხილეს „გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით პიკურ პერიოდში“ და იმსჯელეს იმაზე, „თუ როგორ შევავსოთ დეფიციტი“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ SOCAR–ის მიერ მოწოდებული გაზის მოცულობის გასაზრდელად „დამატებითი ინვესტიციები“ იქნება საჭირო, კერძოდ, გაზის საკომპრესორო სადგურის მოწყობისთვის. თუმცა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ წელს ეს სამუშაოები ვერ დასრულდება, რითიც იმაზე მიანიშნა, რომ საქართველოს დეფიციტის შესავსებად „გაზპრომის“ გაზის მოწოდების ზრდა მოუწევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button