ახალი ამბები

თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

თბილისის საკრებულომ 15 იანვარს გრიგოლ ლილუაშვილი დედაქალაქის მერის მოადგილედ დაამტკიცა, რომელმაც ამ პოსტიდან მიმდინარე კვირაში გადამდგარი გიორგი სოლომონია შეცვალა.

გრიგოლ ლილუაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ლილუაშვილი ასევე ხელმძღვანელობდა ივანიშვილთან დაკავშირებულ იმ კომპანიას, რომელიც  „პანორამა თბილისის“ მრავალმილიონიან სადავო პროექტს ახორციელებს.  სოლოლაკში დაგეგმილი ამ მრავალფუნქციური კომპლექსის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, ეს მშენებლობა დედაქალაქს ძველ იერსახეს დაუკარგავს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ლილუაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ და აცხადებდნენ, რომ ეს დანიშვნა ივანიშვილის „არაფორმალური მმართველობაზე“ მიუთითებს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის გავლენა, რაც მას აქვს მერიაზე, არ ყოფნის და კიდევ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა საკრებულოში და დასძინა, ლილუაშვილის სამომავლო ქმედებები ივანიშვილის „კაპრიზებით“ იქნება განპირობებული.

საკრებულოს დეპუტატმა ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობიდან, ზაზა ვეკუამ, რომლის ფრაქციამაც ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი ასევე არ დაუჭირა, გამოთქვა ვარაუდი თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების შესახებ.

„ნათლად ჩანს, რომ ქართული ოცნება ხედავს რა, რომ ელემენტარულ პირობებს ვერ აგვარებს დედაქალაქში, [2016 წლის ოქტომბრის] საპარლამენტო არჩევნებს ალბათ დაამთხვევს ასევე მერის არჩევნებს, რამდენიმე თვით ადრე ალბათ ბატონი ნარმანია დაწერს განცხადებას [გადადგომის თაობაზე]“, – განაცხადა ვეკუამ.

ლილუაშვილმა, რომელიც საკრებულომ 36 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, პრიორიტეტებს შორის „ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად შესრულება“ დაასახელა.

მისი წინამორბედი, გიორგი სოლომონია მერის მოადგილის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 11 იანვარს თბილისის მერს დავით ნარმანიას შეხვდა და დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპების დაჩქარებაზე ისაუბრა.

ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის კიდევ სამი მოადგილე – ირაკლი ლექვინაძე, გიორგი ხელაია და ნინა ხატისკაცი თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან.

მსგავსი/Related

Back to top button