ახალი ამბები

ღარიბაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.  

მან 17 დეკემბერს წერილობითი განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც იმავე დღეს პუტინმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის „სავიზო რეჟიმი გააუქმოს“ და ასევე დასძინა, რომ ურთიერთობებში არსებული „ყველა სიძნელის მიუხედავად… ჩვენ ვხედავთ სიგნალებს საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობისგან და ამ სიგნალებს ვიღებთ“.

„მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მზად ვართ გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მან „ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე, რაზეც ევროკომისია ანგარიშის გამოქვეყნებას 18 დეკემბრისთვის გეგმავს.

„ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე  დასავლელი პარტნიორები“, – აღნიშნა პრემიერმა.

თავის წერილობით განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო მიმდინარე წელს მათი საქართველოში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა ერთ წლამდე გაახანგრძლივა, რადგან „დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები“.

„გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.  მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებს განიხილავდა, 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისისთვის პუტინის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ვიცოდით, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას რუსეთის მხარე აპირებდა“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „იმედს“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button