ახალი ამბები

პარლამენტმა ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის განცხადების პროექტი „რუსთავი 2“–ზე

პარლამენტმა პარასკევს ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული განცხადების პროექტი, რომელიც გამოხატავდა „შეშფოთებას“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე  „მთავრობის მიერ“ განხორციელებული „ზეწოლის“ გამო. 

„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების აშკარად კოორდინირებული მოქმედება საფრთხეს უქმნის მის არსებობას, უაღრესად დიდ ზიანს აყენებს მედია პლურალიზმს, აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და შესაბამისად, ქვეყნის ევროპულ-ატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ნათქვამი იყო განცხადების პროექტში, რომელსაც ქართული ოცნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საპარლამენტო დებატები, რომელიც 15 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერსაც გაგრძელდა განცხადების პროექტის განხილვის ირგვლივ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა პირდაპირ ეთერში გაუშვა. დებატებს არ დასწრებიან დეპუტატები ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიის ერთ–ერთი ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სარჩელი, რომელსაც მაუწყებელში საკუთარი წილის დაბრუნება სურს, ფაქტიურად არის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ამჟამინდელი მთავრობის მცდელობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია ჩაიგდონ ხელში. მათ ხალვაშს ივანიშვილის მარიონეტი უწოდეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მიერ „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდება 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეუქმნის პრობლემებს.

„თუ ისე დასრულდება მსჯელობა, რომ პარლამენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ დოკუმენტზე ვერ შეჯერდება, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ შემდეგ წელს, მთელი პოლიტიკური პროცესი დაკარგავს ლეგიტიმურ საფუძველს იწოდებოდეს ნორმალური საარჩევნო წლად. ამაზე პასუხისმგებლობას კი უმრავლესობა, მისი თოთოეული წევრი აიღებს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა თავის გამოსვლაში და დასძინა, რომ ამ განცხადების მიღება „უბრალოდ მიანიშნებდა იმაზე, რომ პარლამენტი მაინც არ არის ამ ერთიანი ორკესტრის ნაწილი“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა დებატების დროს: „დარწმუნებული ვარ თქვენთანაც [ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში] არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ რა საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ არ გყოფნით ძალა დაუპირისპირდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომლის სურვილიცაა „რუსთავი 2“ ის გაჩუმება“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ასევე აცხადებდნენ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე სასამართლო დავას განიხილავს, მთავრობის კონტროლს ექვემდებარება.

12 ოქტომბერს პროკურატურამ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა მოსამართლე ურთმელიძის დედას ოჯახურ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 1 წლის და 9 თვის წინ მოხდა.

„რუსთავი 2“ და ნაციონალური მოძრაობა აცხადებენ, რომ ამ სამართლებრივი დევნის დაწყების დრო, რასაც წინ უძღოდა ურთმელიძისთვის ტელეკომპანიის საკუთრებაზე საქმის გადაცემა, იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მოსამართლეზე ზეწოლას დედის წინააღმდეგ აღძრული საქმის მეშვეობით ცდილობს.

პროკურატურამ უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ საოჯახო ინციდენტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებების წელიწადზე მეტის გასვლის შემდეგ წარდგენა სტანდარტული პროცედურაა, რადგანაც დავის მხარეებს დრო ეძლევათ, რომ სასამართლოს გარეშე მორიგდნენ.

მთავრობის პოზიციის მსგავსად, კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატები დებატების დროს უარყოფდნენ რაიმე მონაწილეობას „რუსთავი 2“–ის საქმეში და აცხადებდნენ, რომ დავა კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს; ისინი აცხადებდნენ, რომ ხალვაშს, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელი 2004–2006 წლებში იყო, სარჩელის შეტანის უფლება აქვს, თუ მიაჩნია, რომ მისი საკუთრების უფლება დაირღვა. მათივე თქმით, სასამართლოზე ზეწოლა ის იქნებოდა, რომ პარლამენტს განცხადება მიეღო მიმდინარე სასამართლო დავაზე.

ქართული ოცნების დეპუტატმა ფატი ხალვაშმა, რომელიც ქიბარ ხალვაშის დაა, განაცხადა, რომ მის ძმას გერმანიაში გაქცევა და იქ თავშესაფრის მიღება მოუწია, რადგანაც მას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს „პოლიტიკური“ მოტივით დევნიდნენ, ბიზნესი კი გაუნადგურეს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, როდესაც აცხადებენ, რომ მისმა ძმამ ახლახანს მიმართა სასამართლოს მაუწყებლის დაბრუნების მიზნით და დასძინა, რომ ხალვაშმა პირველად პროკურატურაში საჩივარი რვა წლის წინ შეიტანა, თუმცა მისი განცხადება „რუსთავი 2“–ის აქციების იძულებით დათმობაზე, არ გამოიძიეს.

დებატების დროს ქართული ოცნების დეპუტატები ასევე აკრიტიკებდნენ „რუსთავი 2“–ს, როგორც ნაციონალური მოძრაობის „პარტიულ“ ტელევიზიას, თუმცა ამავე დროს აცხადებდნენ, რომ ისინი დაიცავენ არხს, თუ მას საფრთხე შეექმნება.

„ჯალათების პარტია, რომელმაც დაარბია „იმედი“ [2007 წლის ნოემბერში], დღეს მედია თავისუფლებაზე საუბრობს“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ნაციონალურ მოძრაობაზე.

„ის ფარსი, რომელიც გუშინ და დღეს ხდება, დაახლოებით ის არის, მგლებმა რომ დეკლარაცია დაწერეს, ცხვრების უფლებებს გავუფრთხილდეთო“, – განაცხადა მან 16 ოქტომბერს თავის გამოსვლაში და დასძინა, რომ ეს აჟიოტაჟი „რუსთავი 2“–ის გარშემო მიზნად ისახავს ნიადაგის მომზადებას ქუჩის საპროტესტო აქციებისთვის, რადგანაც ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს.

„ერთადერთი გამოსავალი თქვენი ბოსების უკრაინაში თუ სხვაგან რაც რჩება, თქვენი წარსული გამოცდილებიდან, ეს არის სნაიპერი და ტერორისტული აქტი, და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია … იწყება ქაოსი და იქნებ როგორმე ამ ქაოსში აადუღოთ სიტუაცია და მიაღწიოთ, რადგან კონსტიტუციური გზით თქვენ არათუ ხელისუფლებაში, არამედ იმ ოპოზიციურ ძალასაც ვერ შეინარჩუნებთ, რომელიც ეხლა გაქვთ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ საზოგადოებას თქვენგან წართმეული არჩევანი დავუბრუნეთ და ამ არჩევანს მათ ვერავინ ვეღარ წაართმევს; ვინც ამას გააკეთებს და კონსტიტუციურ წესრიგს გადაცდება, იმას ხელებიც, ფეხებიც მოემტვრევა და კბილებიც ჩაემტვრევა, თუნდაც ყველაზე ჰუმანური კანონით… თქვენ აქ სიტუაციას ვერ აურევთ“, – მიმართა ქანთარიამ ოპონენტებს.

თავის გამოსვლაში კიდევ ერთმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც გაემიჯნა ქანთარიას გამოსვლის პათოსს, განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება კანონის ძალით დაემუქროს სხვებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა უპასუხა, რომ ქართული ოცნება და მისი მთავრობა „არის გაკოტრებული ხელისუფლება და პირდაპირ მუქარაზეა გადასული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button