ახალი ამბები

აშშ საქართველოს მთავრობასთან ‘შეშფოთებას’ გამოთქვამს „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით



ტელეკომპანია "რუსთავის 2"–ის შენობა თბილისში. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობასთან იმ ქმედებებთან დაკავშირებით,  რომელიც „ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებას“, განაცხადა აშშ–ის ელჩმა თბილისში იან კელიმ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკელი დიპლომატი 8 ოქტომბერს „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა გაეგო „უფრო მეტი იმ სასამართლო საქმის შესახებ, რომელიც ტელევიზიის ფინანსურ მდგრადობაზე ახდენს გავლენას“.

ამ შეხვედრას წინ უძღოდა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 6 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც ის ქმედებები, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვის შთაბეჭდილებას ტოვებს, „შემაშფოთებელია“.

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მან დაარწმუნა „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელობა, რომ აშშ–ის საელჩო „მოვლენებს ყურადღებით აკვირდება“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა, რომლის საკუთრების თაობაზეც  სასამართლო დავა მიმდინარეობს,  1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას უბლოკავს ტელეკომპანიას, რომელსაც ეს თანხა მისი საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება. ტელეკომპანია აცხადებს, რომ მისი ერთ–ერთი ყოფილი მესაკუთრის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რასაც ჯერ ტელეკომპანიის ქონების, ხოლო შემდეგ მისი ძირითადი აქციონერი კომპანიის ქონების დაყადაღება მოყვა, მთავრობის მიერ არის მართული და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.  მთავრობა და კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკოსები უარყოფენ რაიმე ჩარევას და აცხადებენ, რომ ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს.

„შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში. 

„ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ [უკვე] გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას“.

„ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი, პასუხისმგებლიანი მთავრობა. მედიამრავალფეროვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც თავის დროზე ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა გვასწავლეს, მთავრობის უპირველესი ამოცანაა ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენი თავისუფლება კი თავისუფალ, შეუზღუდავ და მრავალფეროვან მედიას ეფუძნება“, – განაცხადა ელჩმა.

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აშშ–ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მიესალმა მის რეაქციას და განაცხადა, რომ განცხადებაში ელჩი „ზუსტად მთავრობას მიმართავს და არავის სხვას. ეს საქმე არის მთავრობის მიერ ინსპირირებული, მთავრობა მართავს ამ საქმეს და მოსამართლეც წარმოადგენს მთავრობას“.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სანამ ჯერ კიდევ დრო აქვს საკუთარი სახის გადარჩენის, შეისმინოს ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოკავშირის წარმომადგენლის განცხადება“, – განაცხადა გვარამიამ, რომელსაც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში 2009 წლის ბოლომდე მაღალი თანამდებობები ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button