ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „შეშფოთებას“ გამოთქვამს მედიაში მიმდინარე პროცესებზე

პრეზიდენტს აშფოთებს მედიაში მიმდინარე პროცესები და ის „საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციით დადგენილ თავისუფლებას“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ 31 აგვისტოს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორი დღით ადრე ცნობილი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების  – „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დროებით შეჩერების თაობაზე, არსებული ფორმატის შეცვლისა და 2016 წლიდან ახალი პროდუქტის შექმნის მოტივით. ამ გადაცემების წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ორი თოქ-შოუს ერთდროულად „დახურვის“ გადაწყვეტილებას „პოლიტიკური“ უწოდა.  

„შემაშფოთებელია ის ტენდენცია როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს. მით უფრო, ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა,  „საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი, ყურადღებით ადევნებს თვალს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციით დადგენილ თავისუფლებას."

"პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქენი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა თინათინ მჟავანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button