ახალი ამბები

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრები სამსახურებრივ გულგრილობაში დამნაშავეებად ცნეს

ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის ორ წევრი, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დამნაშავეებად ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, რომელიც მათ 10 წლის წინ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს გამოიჩინეს. 
 
განხილვის პირველი სამი საათის განმავლობაში თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რის შემდეგაც პარასკევს საღამოს გამამტყუნებელი განაჩენი 10 ხმით იქნა გამოტანილი ორის წინააღმდეგ.
 
ამასთან, ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მოსამართლემ ძაძამიას 8 თვით და 23 დღით პატიმრობა შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, რადგანაც მას ეს ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა წინასწარ პატიმრობაში, ვიდრე გირაოთი გაათავისუფლებდნენ. რაც შეეხება ხარშილაძეს, მას მოსამართლემ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სხვა საქმეზე მისმა ადრინდელმა სასჯელმა დიდწილად შთანთქა ახლად განსაზღვრული საპატიმრო ვადა და შედეგად ხარშილაძე ციხეს დეკემბერში დატოვებს.
 
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვი 2005 წლის თებერვალს საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე მდებარე ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.  მაშინ გამოძიებამ ოფიციალური ვერსიის სახით მიზეზად არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მათი მოწამვლით გარდაცვალება დაასახელა. ამ საქმის გამოძიება 2012 წლის ბოლოს განახლდა მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.
 
იმ ფონზე, როცა განახლებულმა გამოძიებამ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო გამოძიების თავდაპირველი ვერსია, შარშან მარტში პროკურატურამ ორი დამოუკიდებელი საქმე აღძრა – ერთი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგის ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ, რომელმაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ზურაბ ჟვანიას ცხედარს, ხოლო მეორე ჟვანიას დაცვის წევრების წინააღმდეგ. ჩაჩუას პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობა დასდო ბრალად და განაცხადა, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, თუმცა მარტში სასამართლომ ჩაჩუას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
 
ჟვანიას დაცვის წევრების საქმეზე, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ არ დაიცვეს უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურები და 3 თებერვლის ღამეს, როდესაც ყოფილი პრემიერ–მინისტრი გარდაიცვალა, ჟვანია დაცვის გარეშე დატოვეს. პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ შეატყობინეს დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის და ოპერატიული მართვის სამმართველოს დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ.
 
ხარშილაძე ჟვანიას დაცვის უფროსი იყო, ხოლო ძაძამია დაცვის ცვლის უფროსი იყო იმ ღამეს, როდესაც ყოფილი პრემიერი გარდაცვლილი იპოვეს.
 
დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ხარშილაძე და ძაძამია ჟვანიას მითითებებით მოქმედებდნენ. სასამართლო სხდომის დროს ყოფილმა დაცვის წევრებმა უთხრეს სასამართლოს, რომ ჟვანია ბინებს ქირაობდა როგორც კერძო, ისე საქმიანი საიდუმლო შეხვედრებისთვის და დაცვას ამ ბინებიდან წასვლას სთხოვდა; ის ასევე სთხოვდა მათ, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ზემდგომებისთვისაც კი არ ეცნობებინათ. ძაძამიამ განუცხადა სასამართლოს, რომ ამ საიდუმლო შეხვედრებისთვის ჟვანია წვერითაც კი ინიღბებოდა საკუთარი ვინაობის დასამალად.
 
ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იგივე მოხდა ჟვანიას გარდაცვალების დღესაც. ძაძამიას თქმით, მან ჟვანია საბურთალოზე კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა და იქაურობა უსუპოვის მისვლისთანავე დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ჟვანია არ პასუხობდა მის ზარებს, ძაძამიამ განაცხადა, რომ მან ჟვანიას დაცვის უფროსს, ხარშილაძეს შეატყობინა ამის შესახებ. ხარშილაძემ უთხრა სასამართლოს, რომ ის მივიდა სახლთან და ბინაში ფანჯრიდან შეაღწია.
 
ხარშილაძემაც და ძაძამიამაც აღიარეს, რომ მას შემდეგ, რაც ბინაში შევიდნენ, მათ შეცვალეს იქ არსებული მდგომარეობა.
 
ბრალდებულების თქმით, მათ ბინაში ჟვანიას და უსუპოვის შიშველი გვამები დახვდათ და მათი ჩაცმა გადაწყვიტეს, რათა ჟვანიას სექსუალური ორიენტაცია არ გამჟღავნებულიყო. ძაძამიას თქმით,  ეს პასუხისმგებლობა მათ საკუთარ თავზე აიღეს, რათა, როგორც მან განაცხადეს, ჟვანიას სახელს “ჩირქი” არ მოსცხებოდა.  
 
ბრალდებულებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ უსუპოვის გვამი თავდაპირველად მანქანაში ჩადეს, თუმცა მოგვიანებით ბინაში დააბრუნეს, რადგანაც გააცნობიერეს, რომ ეს, როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, „აბსურდი“ იყო.
 
ძაძამიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჟვანიას გარდაცვალება მოწყობილი არ იყო და იმ ღამეს სახლის მახლობლადაც რომ ყოფილიყო, ხელს ვერ შეუშლიდა გაზით მოწამვლას. ხარშილაძემ განაცხადა თავის დასკვნით სიტყვაში, რომ ის და ძაძამია „გარემოების მსხვერპლნი“ გახდნენ.  ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის წევრები ჟვანიას მითითებებს ასრულებდნენ და ამისთვის პასუხისგებაში არ უნდა მიეცნენ.
 
ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატია და რომელიც პარასკევს სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა, მიესალმა გამამტყუნებელ განაჩენს.  
 
გოგლა ჟვანიამ, რომელსაც სჯერა, რომ მისი ძმა მოკლეს, დეტალების დაკონკრეტების გარეშე უთხრა ჟურნალისტებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს „მთავარ“ საქმეზე, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს ეხება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button