ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ომიდან 7 წლის თავზე რუსეთი განაგრძობს ‘მცოცავ ანექსიას’

საქართველოს მთავრობის „კონსტრუქციული ზომების“ მიუხედავად, რუსეთი „აგრძელებს მცოცავი ანექსიის პოლიტიკას“, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს 2008 წლის ომის მე–7 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში და დასძინა, რომ თბილისი გააგრძელებს „დეესკალაციის პოლიტიკას“.

„2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, რის შედეგად უხეშად ირღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

„ამის ნათელი მაგალითია მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე. წ. „ხელშეკრულების“ გაფორმება, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება და ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „უკანასკნელ წლებში, საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რის შედეგადაც დაიწყო ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა“.

„საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დე-ესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტრომ ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას და გაიმეორა, რომ „ქართული მხარე მზად არის განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების, უპირველეს ყოვლისა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ასევე დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიზნით“.

„შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, – განაცხადა სამინისტრომ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button