ახალი ამბებიინტერვიუ

მოსაზრებები: MAP-ის მიღების რა შანსები აქვს საქართველოს

საქართველო ცდილობს ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ალიანსისგან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღოს. Civil.ge–მ რამდენიმე ანალიტიკოსს ჰკითხა, არსებობს თუ არა ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი. 


დერეკ ავერი – ბირმინგემის უნივერსიტეტის რუსეთის, ევროპის და ევრაზიის კვლევათა ცენტრის წამყვანი ლექტორი რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და CASCADE–ის ‘კავკასიაში დემოკრატრიის და უსაფრთხოების რეკონცეპტუალიზაციის’ თაობაზე მე–2 სამუშაო პაკეტის კოორდინატორი.  
 
ნატო-თი დაინტერესებული აკადემიურ წრეებთან და სხვადასხვა წყაროებთან ბოლოდროინდელი დისკუსიები მაფიქრებინებს, რომ ალიანსის „ტრანსფორმაციული მისია“ აღმოსავლეთში გარკვეული დროით შეჩერდა. ამერიკელი და ევროპელი ლიდერები არ არიან მზად, რომ გაწიონ რისკი, რომელიც საქართველოსთვის წევრობის პერსპექტივის მიცემას უკავშირდება, მათ შორის რუსეთის მოსალოდნელი პროვოცირებისა და „უსაფრთხოების დილემის“ გაჩენის გამო.

ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იქნება გარკვეული აქტივობები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვის სფეროში განათლება, უსაფრთხოების სექტორის მმართველობა, შესაძლებლობების ამაღლება და ა.შ., თუმცა ნატოში მიღების პერსპექტივა ძალიან მცირეა.
 
თავდაცვითი ხარჯების თაობაზე უელსის სამიტზე გაკეთებული დაპირებები, როგორც ჩანს, ზოგიერთი ქვეყნის მიერ ვერ შესრულდება. ამჟამად ყურადღება ბალტიისპირეთის რეგიონისკენ არის მიმართული. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის [Response Force] პირადი შემადგენლობის კვოტების შევსებას დიდი ძალისხმევა დაჭირდა, ისევე როგორც იმას, რომ ამ დანაყოფს მკაფიო საოპერაციო როლი მოეპოვებინა; ხოლო მაღალი მზადყოფნის ერთობლივი დაჯგუფება [Very High Readiness Joint Task Force] – რომელიც მოკრძალებული კონტინგენტია და რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მუდმივ საწყისებზეც კი არ არის დისლოცირებული – მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ უკრაინის კონფლიქტის ფონზე ბალტიისპირეთის სახელმწიფოები დაამშვიდოს. ამჟამად ეს არის ნატოს ამბიციის ზღვარი მანამ, სანამ თუ რუსეთთან მოულოდნელი და გაუთვალისწინებელ ესკალაცია არ მოხდება. უელსის სამიტის დეკლარაციის სხვა ვალდებულებები, როგორიცაა ნატო–ევროკავშირის  თავდაცვის სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობა – ეს გრძელვადიანი პერსპექტივებია, რომელთა წარმატებით დასრულების შანსები კითხვის ნიშნის ქვეშაა. ნატოს (და ევროკავშირის) წევრ სახელმწიფოებს შორის კვლავაც რჩება განსხვავებული მოსაზრებები საფრთხეებისა და რისკების თაობაზე, შესაბამისად,  ნატო-ში „პარადიგმის ცვლილება“ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია.


ელენე ხოშტარია – საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ნატოს წევრების არსებული პოზიციების გათვალისწინებით, არ მგონია, რომ დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ MAP-ი აღარ უნდა მოითხოვოს.  ნატომ გააცნობიერა რომ რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უკრაინაში ომამდე ასეთი აღქმა არ არსებობდა. იყო რუსეთთან ჩართულობის რამდენიმე მცდელობა, მათ შორის რუსეთის ზოგიერთი წუხილის – ლეგიტიმურის თუ არალეგიტიმურის – მხედველობაში მიღება.  ნატოს მოკავშირეები ცდილობდნენ რუსეთის დიალოგში ჩართვას, მათ შორის ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზეც. ახლა ასეთი ილუზიები უკვე დასრულდა და საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების გამოწვევების გაცნობიერების  დონე ბევრად უფრო მაღალია.
 
ამავე დროს, მათ [ნატოს მოკავშირეებს] არ აქვთ საბოლოო პასუხი, თუ როგორ უპასუხონ რუსეთიდან მომავალ ამ ახალ საფრთხეს. არ არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, გაგრძელდეს გაფართოება, თუ ცოტა ხნით დაიცადონ.
 
ფიქრის ამ პროცესში, რომელშიც ნატო იმყოფება, მნიშვნელოვანია ის არგუმენტები, რომლებიც ნატოს გაფართოების სასარგებლოდ მეტყველებენ. ასეთი არგუმენტები არსებობს – 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი  წლების დასაწყისში ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, რომელმაც  ევროპაში არსებული რთული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა მოუტანა [აღმოსავლეთ ევროპას]. ეს გაფართოება კარგი მაგალითია იმისა, რომ გარკვეული წინააღმდეგობის, კონფლიქტების მიუხედავად, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველას ინტერესშია. 


იოს ბოონსტრა – FRIDE–ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელი და CASCADE–ის „კავკასიისა და ფართო სამეზობლოს“ თაობაზე მე–8 სამუშაო პაკეტის კოორდინატორი.   

ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი აქებს საქართველოს რეფორმების გატარებისთვის და მის მიერ ნატოს მისიებში შეტანილი წვლილისთვის. თუმცა, ეს იმაზე სულაც არ მიანიშნებს, რომ ევროპელი პარტნიორები მოწადინებულები არიან ნატოში საქართველოს პოტენციური წევრობა განიხილონ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
 
თავდაცვის სფეროში რეფორმამ 2008 წლის აპრილის შემდეგ აკრიფა ტემპი, როდესაც ნატო ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანებას დაპირდა, მაგრამ MAP-ი არ მიანიჭა. ტექნიკური თვალსაზრისით ალბათ ახლა მცირედი მიზეზი, თუ არსებოს MAP–ზე უარის თქმისთვის, განსაკუთრებით ნატოს წევრობის მიმართ არსებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფონზე. თუმცა, პოლიტიკური და სტრატეგიული რეალობები განსხვავებულ სურათს ხატავს.
 
უკრაინაში არსებულ ვითარებას დასავლეთის აღქმები დიდად არ შეუცვლია. რუსეთი MAP–ს (და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას) საფრთხედ აღიქვამს. ვერავინ გამორიცხავს, რომ რუსეთი გაზრდის ზეწოლას საქართველოს MAP–ის ფაზაში ყოფნის დროს, რომელიც შესაძლოა მრავალი წელი გაგრძელდეს. ამ ზეწოლის ნაწილი შეიძლება იყოს ბლოკადა, რომელიც გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და შრომით მიგრანტებზე; შავ ზღვაში სამხედრო მანევრები; საქართველოს რეგიონებში დაძაბულობის, მათ შორის ძალადობის რისკის ზრდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს რუსეთის გაღიზიანება და არასტაბილურობის  უკრაინიდან კავკასიაში განვრცობა სურდეს, ასევე იმის გამოც, რომ რუსეთში რეჟიმმა დროთა განმავლობაში შესაძლოა არასტაბილურობა განიცადოს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოსთვის MAP–ის მინიჭება ფაქტიურად ნატოს ძალების [საქართველოში] განთავსების ტოლფასი იქნება, რათა მათ [რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეებისა და ზეწოლის] შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ. თუმცა, ამგვარი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.
 
ამ მხრივ, საქართველოს მხოლოდ იმის გაკეთება შეუძლია, რომ განაგრძოს რეფორმები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა და ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან შემდგომი დაახლოება. საქართველოს წვლილი ნატოს ISAF–ის მისიაში ავღანეთში და ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. აშკარაა, რომ ასოცირების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირთან ურთიერთობების გაფართოებამ და ნატოსთან მზარდმა თანამშრომლობამ უკვე აქცია საქართველო ევროპულ ქვეყნად, რომელიც აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს ევრო–ატლანტიკურ თანამეგობრობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ქმნის ალიანსის მე–5 მუხლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, ეს ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიან განვითარებას.


დავით სიხარულიძე – საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2009 წელს.

აქ ორი ასპექტია. ერთი, თავად ალიანსი თუ არის მზად და მეორე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ სკეპტიკოსთა არგუმენტების შესასუტებლად და ნატოს იმ წევრების არგუმენტების გასაძლიერებლად, რომლებიც უფრო მეტად უჭერენ მხარს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
 
MAP-ი უბრალოდ ტექნიკური ინსტრუმენტია – მისი ზედმეტი პოლიტიზირება მოხდა. საქართველოს მთელი რიგი ამოცანები აქვს შესასრულებელი და მათ შორის არის მთავრობის კარგად კოორდინირებული და მკაფიო სტრატეგია იმის თაობაზე, თუ როგორ მივაღწიოთ მიზანს, ასევე შემდგომი შიდა რეფორმების გატარება. ამ ყველაფრის კარგად შესრულება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს არგუმენტებს.
 
რა თქმა უნდა, მეორე საკითხიც არსებობს – შეძლებს თუ არა ალიანსი კონსენსუსის მიღწევას ვადებთან დაკავშირებით. ნატო-ს წევრ ქვეყნებს უფრო შორსმჭვრეტელური მიდგომა მართებთ. რუსეთი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში და ახლა უკრაინაში შეჭრით, ის ნატოს გაფართოებას უშლის ხელს. ახლა უფრო გონივრული იქნება, თუ მოკავშირეები გაერთიანდებიან იმ იდეის გარშემო, რომ ეს არ არის ევროპის საქმეებზე ზეგავლენის მოხდენის სწორი გზა და ამიტომ ნატოს გაფართოება აუცილებლად უნდა შევიდეს 2016 წლის სამიტის დღის წესრიგში.
 
ნატოს გაფართოება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც რეფორმების გატარებისთვის არიან მოწოდებულნი. ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების მაგალითი აჩვენებს, რომ ნატოს ინტეგრაციული პროცესები, ერთის მხრივ, რეფორმების გატარების მნიშვნელოვანი სტიმულია, ხოლო მეორეს მხრივ, ნატოში ინტეგრაცია ასევე უზრუნველყოფს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა ამ რეფორმების განსახორციელებლად.

მსგავსი/Related

Back to top button