ახალი ამბები

პრემიერმა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

მინდია ჯანელიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან არსებულ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია, შეცვლის ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დაახლოებით ოთხ საათში გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის სამინისტროსა და გენშტაბის მაღალჩინოსნების დაკავება და შეიარაღებული ძალების ექიმების წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები, „აშკარა პოლიტიკური სარჩულის“ მატარებელია და წარმოადგენს  „შეტევას  საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“.

პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ალასანიას ეს განცხადებები, როგორც „ყოვლად უპასუხისმგებლო“ და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია „შეუქცევადია“.

„თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა ჩვენი მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზედაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ალასანიას ეძლეოდა შესაბამისი შენიშვნები და მითითებები. მიუხედევად ზემოაღნიშნულისა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები, რაზეც მოხდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება – აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ბოლო დღეებში თავდაცვის მინისტრის მხრიდან ფიქსირდება აშკარა დაპირისპირება საგამოძიებო ორგანოებთან და სახეზეა საკითხის პოლიტიზების მცდელობა“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

„ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიების პროცესისთვის, რათა საქმეზე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება, მისი მოქმედებები იწვევს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას, რაც არის კატეგორიულად დაუშვებელი პირადად ჩემთვის და რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ვართ უკომპრომისო და ვიქნებით უკომპრომისო მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელ უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს ეს და რომელ მინისტრსაც არ უნდა ეხებოდეს ეს  – ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირების თავიდან აცილება, ის, რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი, რათა უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, ჩემს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„აქვე მინდა განვაცხადო, რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება  იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა – ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს სამინისტროში – ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო“.

„მე მინდა გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი არის და იქნება შეუქცევადი“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული საგარეო კურსი, რომელიც ითვალისწინებს ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას, არ არის და არასოდეს არ იქნება დამოკიდებული ერთი რომელიმე მინისტრის პოზიციასა და მის მოსწრებაზე. შესაბამისად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„გუშინ მე მქონდა შეხვედრა ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან", რომელიც არის ჩვენი კოალიციის წევრი, მე მათთან მქონდა ძალიან გულახდილი საუბარი და მათ წინაშე კიდევ ერთხელ დავუსვი ალასანიას ის კითხვები, რომელიც მომდინარეობდა პროკურატურიდან და მე, როგორც პრემიერ–მინისტრს, მქონდა კითხვები და მაქვს კითხვები. დღემდე მე ვერ მივიღე ვერცერთი არგუმენტირებული პასუხი, გარდა მისი აბსტრაქტული მოსაზრებებისა და დაუსაბუთებული პასუხისა“, – განაცხადა მან. 

„აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდეს,  სავარაუდოდ, 4 მლნ ლარის გაფლანგვა“, – განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის წინააღმდეგ 28 ოქტომბერს დაკავების შემდეგ წაყენებული ბრალდებები.

იმ ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის სამ უფროსს წარედგინა გულგრილობასთან დაკავშირებით შარშან საჯარისო ნაწილებში საკვებით მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა განაცხადა: „მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს ორი წლის განმავლობაში ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად და მხოლოდ ამის გამო მას აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდებობიდან“.

„ასევე მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა, ასევე ვერ დარჩებოდა დაკავებულ, მეტად საპასუხისმგებლო, თანამდებობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია, ასევე განაცხადა, რომ 5 ნოემბერს შედგება კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ასევე მიიწვია  ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც კოალიციის წევრად ფორმალურად ჯერ კიდევ რჩება.

"ალასანიას, როგორც კოალიციის წევრს,  მის პარტიას, რა თქმა უნდა, აქვს  სრული უფლება, რომ დაესწროს პოლიტსაბჭოს სხდომას და ასევე მინდა დავაფიქსირო, რომ მე მსურს გაფართოებული კოალიციის პოლიტსაბჭოს მოწვევა და ამ სხდომაზე მე მსურს, რომ დაესწროს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სრული შემადგენლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მოგვიანებით, 4 ნოემბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის დაესწრება პოლიტსაბჭოს სხდომას.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალასანიას შემცვლელი, 36 წლის მინდია ჯანელიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა და მას ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება.

პროფესიით იურისტი ჯანელიძე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია, 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში,  ხოლო 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button