skip to content
ახალი ამბები

მოსკოვის თქმით, აფხაზეთის ანექსიაზე თბილისის ბრალდებები ‘სახიფათო სპეკულაციაა’

საქართველოს განცხადება, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დაგეგმილი ახალი ხელშეკრულება აფხაზეთის ანექსიის მცდელობაა, წარმოადგენს „არაკეთილსინდისიერ და სახიფათო სპეკულაციას“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, გრიგორი კარასინმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერმა  20 ოქტომბერს სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ზალბერი გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა.

თბილისი აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება რუსეთის მიერ რეგიონის „ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია“ და მისი ხელმოწერის შემთხვევაში, ის სერიოზულ ზიანს მოუტანს ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს რუსეთსა და საქართველოს შორის, ისევე როგორც ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კარასინმა უთხრა ევროკავშირის წარმომადგენელს, რომ რუსეთის ურთიერთობები აფხაზეთთან თანამშრომლობის შესახებ 2008 წლის ყოვლისმომცველი ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ვითარდება; მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა და სოხუმმა საჭიროდ ჩათვალეს „განაახლონ“ ორმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო „თანასწორობისა და ერთმანეთის სუვერენიტეტის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის მიმართ ურთიერთპატივისცემის“ პრინციპებზე დაყრდნობით. 

„ქართული მხარის მსჯელობა, თითქოსდა აფხაზეთის ანექსიის თაობაზე, არაკეთილსინდისიერი და სახიფათო სპეკულაციებია, რომელსაც შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ჟენევის დისკუსიების ატმოსფერო. გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი და დისკუსიების სხვა თანათავმჯდომარეები… ძალღონეს არ დაიშურებენ, რათა არ დაუშვან მოვლენათა ასეთი განვითარება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ რუსეთი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელიც საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის დისკუსიებზე და პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე 20 ოქტომბერს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ, რათა მათთვის თბილისის შეშფოთება გაეზიარებინათ მოსკოვის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა შეხვედრის შემდეგ, „ვფიქრობ, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე, ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, შეშფოთებულია ამ ხელშეკრულების შესაძლო შედეგებით ჟენევის ფორმატისთვის და ამ დისკუსიებისთვის, და ჩვენი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button