
ღარიბაშვილი: სააკაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოება გავლენას არ იქონიებს ევროკავშირში ინტეგრაციაზე
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღნმდეგ დაწყებული სამართალწამოება „არავითარ გავლენას“ არ იქონიებს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე და დასძინა, რომ „ვერც ერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობებს ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი“.
„დაველოდოთ გამოძიებას, სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ პირის დანაშაული“, – უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 4 აგვისტოს და დასძინა, რომ ხელისუფლება „მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამჭირვალობას და გახსნილობას“.
კითხვაზე საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გამოხატული შეშფოთება სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო იქონიებს თუ არა გავლენას ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე, ღარიბაშვილმა უპასუხა: “არავითარ გავლენას არ იქონიებს“.
„მე მინდა ყველა დაგამშვიდოთ. ჩვენ დავიწყეთ რეალური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ გვსურს სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა – თანამედროვე, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს“, – განაცხადა მან.
„სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, არის სრული აბსურდი“, – განაცხადა მან. „ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას, ეს არის ყველაზე მთავარი და ვერც ერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობებს ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც არის ბრალდებული ძალიან მძიმე დანაშაულებში“.
„განცხადებები იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელმა პროკურატურამ არ უნდა გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომელიც შესაძლოა ჩადენილ იქნას უმაღლესი თანამდებობის პირთა მონაწილეობით, პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავარ დემოკრატიულ მოთხოვნას და ღირებულებებს – კანონის უზენაესობის მთავარ პრინციპებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„თუ ვაცხადებთ, რომ გვსურს თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სადაც კანონის წინაშე იქნება ყველა თანაბარი და სადაც კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება დაცული, ამ შემთხვევაში მაშინ არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა. ეს არის სწორედ ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ დაუსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)