ახალი ამბები

ღარიბაშვილმა სამეგრელოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აქცენტი აფხაზეთზე გააკეთა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი რეგიონული ტურნეს ფარგლებში პირველად სამეგრელოს  ეწვია, რეგიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სწორედ სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას“.

„პირველ რიგში უნდა დავეყრდნოთ იმ განწყობას, რომელიც ჩვენ ძმებს, აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ აფხაზებთან ერთად, ჩვენს ძმებთან ერთად ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. ჩვენი მთავარი მიზანი ერთმანეთის ნდობის მოპოვება იქნება. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს და რაც მთავარია აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი ცხოვრების სურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან. მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტური განვითარების მიმზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 2 აპრილს ზუგდიდში სატელევიზიო გამოსვლისას.

„სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ საკუთარი უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს“, – განაგრძო მან, „როდესაც ჩვენ, საქართველოს ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ, მაშინ ჩვენ აფხაზ ძმებსაც ჩვენკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეკედლებიან“.

მისი თქმით, დევნილები „უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში, თავის სამშობლოში“, მაგრამ  „ვიდრე დროებით დაკარგულ სახლებს დაუბრუნდებიან“, მთავრობა მათ გრძელვადიან განსახლებაზე ზრუნავს, მათ შორის სამეგრელოში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის გზით.

მან ასევე განაცხადა, რომ ზაფხულში დაიწყება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2 წელიწადშია ნავარაუდევი. 

„კლინიკა მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც“,  – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ კლინიკასთან ერთად იგეგმება საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, მათ შორის  „აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის“.

მან ასევე ისაუბრა ანაკლიაში პორტის მშენებლობის გეგმებზე და განაცხადა, რომ შესაბამის პროექტზე დასკვნას ინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები სამ თვეში დადებენ.

„ალბათ, ხედავთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს იმ პროექტებზე, რომლებიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო. ჩვენთვის მთავარია ყველა პროექტი კარგად იყოს გათვლილი და რეალური სარგებლის მოტანა შეეძლოს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, საპარტნიორო ფონდმა, რომელიც პროექტის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვაზე მუშაობს, უკვე შეისწავლა „თუ როგორ უნდა შევიდეს რკინიგზა არსებულ ტერიტორიაზე, მიწის რა ნაკვეთები დასჭირდება პორტს და რა რაოდენობის ტვირთისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული იგი“.  წინასწარი შეფასებით, ანაკლიაში ასევე იგეგმება ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონების განვითარება, საერთაშორისო აეროპორტის და თხევადი გაზის ტერმინალის აშენება.

მთავრობის ცნობით, ამ პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი „კონტი ჯგუფი", რომელსაც შემუშავებული აქვს „ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას“.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტრუქტურა და ზოგადად პროგრესი არ შეიძლება საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზუგდიდში სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი ანაკლიას სტუმრობდა, სადაც დაათვალიერა მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაც მისი თქმით, ანაკლიის პროექტის განვითარებისკენ მიმართული პირველი ეტაპია. დღესვე სენაკის სამხედრო ბაზაზე სტუმრობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ასევე გახსნა ხურჩის 4-კილომეტრიანი გზა, რომლითაც, მისი თქმით, „ენგურს გაღმა მცხოვრებ მოქალაქეებს საგრძნობად გაუადვილდებათ გადაადგილება“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2013 წელს სამეგრელოს რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე 157 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაზეც საზოგადოება შეიძლება არც იყოს ინფორმირებული, ვინაიდან  „ჩვენ არ ვტრაბახობთ გაკეთებული საქმეებით“, რადგან „ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა“.

მან თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზუგდიდმა ახალი ხელისუფლების პირობებში თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეიძინა და მის მაცხოვრებლებს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა აირჩიონ მერი 15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც, მისი თქმით, გაავლებს ხაზს „ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის“.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი გამოუცხადებს ნდობას ჩვენს პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც თავის რეგიონულ ტურნეს აჭარაში გააგრძელებს.

მსგავსი/Related

Back to top button