skip to content
ახალი ამბები

ბენდუქიძე აგრარულ უნივერსტიტეტთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე პროკურატურაში დაიბარეს იმ საქმეზე დასაკითხად, რომელიც სამი წლის წინ აგრარული უნივერსიტეტის და მისი ქონების პრივატიზაციას ეხება.

ბენდუქიძე, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და რომელიც პროკურატურაში 18 მარტს დილით უნდა გამოცხადდეს, ამბობს, რომ მიმდინარე გამოძიება „აბსურდია“, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივები აქვს.

პროკურატურაში დასაკითხად ასევე დაიბარეს დიმიტრი შაშკინი, რომელიც უნივერსიტეტის პრივატიზების დროს განათლების მინისტრი იყო.

ბენდუქიძე, რომელმაც ქონება რუსეთში 90–იან წლებში დააგროვა, საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა; სწორედ მაშინ დაინიშნა ის ეკონომიკის მინისტრად; შემდეგ 2004–2008 წლებში მას რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2009 წლის დასაწყისამდე მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი იყო. რამდენიმე წლის წინ ბენდუქიძემ საქართველოს განათლების სფეროში დაიწყო ინვესტიციების ჩადება და თავისუფალი უნივერსიტეტი დააფუძნა.

2011 წელს ბენდუქიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას საქართველოს სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი გადაეცა მართვის უფლებით, ხოლო მოგვიანებით მან ის  დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარად იმ პირობით შეიძინა, რომ დაწესებულებას საგანმანათლებლო პროფილს შეუნარჩუნებდა სულ ცოტა რვა წლით და 8 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა.

მას შემდეგ, 11.2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის განახლებისა და ლაბორატორიების აღჭურვის კუთხით, რასაც შედეგად მოყვა სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.

პროკურატურის მიერ 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის და მისი ქონების პრივატიზაცია განხორციელდა „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით“. პროკურატურა აცხადებს, რომ პრივატიზაციის განხორციელებამდე, უნივერსიტეტი, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტი და მათ ბალანსზე არსებული უძრავ–მოძრავი ქონება ერთ უწყებაში გაერთიანდა, ხოლო მისი ქონება დარეგისტრირდა და გაიყიდა საბაზროზე ბევრად დაბალ ფასად. აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე პროკურატურაში 17 მარტს დაკითხეს.

2013 წლის მარტში განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე უმაღლეს სასწავლებელში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჩარევის შესახებ ბრალდებები მოჰყვა. ორი კვირის თავზე უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button