
პარლამენტი უკრაინის შესახებ დადგენილების მიღებას გეგმავს
კოალიცია ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კონსულტაციებს მართავენ, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ პარლამენტის დადგენილების ერთობლივი ტექსტი შეადგინონ.
მართალია უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს ერთიანი პოზიცია აქვთ რუსეთის ქმედებების დაგმობის და უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა დისკუსიები, როგორც ჩანს, ტექსტის ფორმულირებაზეა ფოკუსირებული.
პარლამენტის 5 მარტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა დეპუტატმა მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი ქმედებები არ გასცდა მხოლოდ მხარდამჭერ განცხადებებს და კონკრეტული დახმარება არ აღმოუჩინა უკრაინას.
ამის საპასუხოდ ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს უკრაინის საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის და მთავრობაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას.
„პოლიტიკური დებატები და დავა უკრაინის საკითხის გარშემო ნუ გიკვირთ“, – მიმართა გოკა გაბაშვილმა, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან კოლეგებს, „ეს დავა არ ნიშნავს, რომ ჩვენ, ორივე პოლიტიკური ძალა ერთად არ ვუცხადებდეთ სოლიდარობას უკრაინას… მაგრამ მიდგომის გზებში – რა უნდა აკეთოს საქართველომ – შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და სტრატეგია“.
უკრაინის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში 5 მარტს კვლავ უკრაინული დროშებია გამოფენილი.
- მარგველაშვილმა პოლონელ და თურქ კოლეგებთან უკრაინის საკითხი განიხილა
- საქართველო გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში
- ალასანია უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
- საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტს ნაციონალურმა მოძრაობამ დადგენილების პროექტის საკუთარი ვარიანტი გაავრცელა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად“. ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ პროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის „პოლიტიკური აგრესია“ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს კიევის იძულებას, რომ შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, და რაც ვერ განხორციელდა, „გადაიზარდა სამხედრო აგრესიაში“. ამავე პროექტის თანახმად, რუსეთის ქმედებები წარმოადგენს „სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეს“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
„საქართველოს კარგად ახსოვს, როგორ გახდა ანალოგიური აგრესიის მსხვერპლი მრავალჯერ, მათ შორის, ბოლოს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოში განხორციელდა რუსეთის ინტერვენცია და რომლის შედეგად დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – სადაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ეთნიკური წმენდა“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.
ნაციონალური მოძრაობის პროექტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად, დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“. პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოაქვეყნეს განცხადებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს მთავრობას „ქმედითი დახმარება“ აღმოუჩინოს უკრაინას.
ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია:
„საქართველოს პარლამენტი:
1. გამოხატავს უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას;
2. გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ სამხედრო პოლიტიკურ აგრესიას, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ინტერვენციას და მისი რეგიონის ოკუპაციას, ,,გავლენის სფეროების“ ცნებას და რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მცდელობას ამგვარ ,,გავლენის სფეროებში“ მოაქციოს საკუთარი მეზობლები;
3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად, დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია; აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად.
4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ გამართოს კონსულტაცია დემოკრატიული უკრაინის მთავრობასთან, საქართველოს მიერ ქმედითი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება.
6. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღოს ეფექტური ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მისი საერთაშორისო იზოლაციისათვის, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო-პოლიტიკურ აგრესიას;
7. მოუწოდებს ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქმედითი ეკონომიკური დახმარება გაუწიოს უკრაინის ხელისუფლებას;
8. მოუწოდებს ევროპის კავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოს დ მოლდოვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად;
9. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება და აწარმოოს ფართე კამპანია 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად.“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)