skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისკენ მოუწოდებს



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში საუბრობს იმ შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უძღვება. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნატომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიანიჭოს საქართველოს სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე, როგორც ჯილდო ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მოუწოდა ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის „წარმატებულ ქვეყნებს წევრობის თაობაზე მკაფიო დაპირება“ მისცეს.

მართალია კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთმა ლიდერმა ადრე გააჟღერა მოწოდებები საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების თაობაზე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად აშშ–ს სტუმრობს, ეს საკითხი პრიორიტეტად წამოწია თავის საჯარო გამოსვლაში.

თავის შესავალ სიტყვაში, რომელიც ღარიბაშვილმა 25 თებერვალს ატლანტიკური საბჭოში გამოსვლისას წაიკითხა, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ  ნატოში ინტეგრაციისკენ წინსვლა „მნიშვნელოვანია“ და ამის გასაკეთებლად „რეალისტური“ გზა საქართველოსთვის  MAP–ის მინიჭება იქნება.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ საქართველოს უარი უთხრა MAP-ის მინიჭებაზე, თუმცა ალიანსის ლიდერები დაპირდნენ, რომ ქვეყანა ოდესმე მომავალში საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაწევრიანდება ნატოში.   

„ექვსი წლის წინ ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. და ჩიკაგოში [2012 წლის სამიტზე] ალიანსმა ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას საქართველოში. პროგრესი მიღწეულია და ეს ძლიერ პოზიციაში გვაყენებს, რათა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ წინ საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„საქართველოსთვის ნატოს მომავალი სამიტი გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო შესაძლებლობაა, რათა ადეკვატურად აისახოს მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა მან.

„მნიშვნელოვანია წინ წაწევა და ამის გასაკეთებლად რეალისტური გზა არის საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „ჩვენ MAP-ზე ვამახვილებთ ყურადღებას, რადგანაც ეს ინტეგრაციის ერთადერთი მექანიზმია, რომელიც კონკრეტულ ჩარჩოს უზრუნველყოფს ბუქარესტის სამიტის იმ გადაწყვეტილების განხორციელებისთვის, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“.

„ამ არსებითად ახალი ეტაპისკენ მოძრაობით, ჩვენ მზად ვართ მოთმინებით განვაგრძოთ ყოვლისმომცველი რეფორმების თანმიმდევრული პროცესი“, – დასძინა მან.

თავის გამოსვლაში, ღარიბაშვილმა, რომელიც 24 თებერვალს თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას და ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა და 26 თებერვალს სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან გამართავს მოლაპარაკებებს, ასევე ისაუბრა ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის საჭიროებაზე.

„უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ გარკვეული საგარეო ზეწოლა დესტრუქციულ როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონალური სტაბილურობის კუთხით, არამედ ჩვენი ქვეყნების  – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას – სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის არსებობის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას.

„აშკარაა, რომ სანამ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს წევრობასთან დაკავშირებულ მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავაც და კვლავაც მოხდება“, – განაცხადა მან.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს რეგიონის დიდ და პატარა ქვეყნებს – გზავნილი, რომელიც გაამყარებს მოსაზრებას, რომ ვერცერთი მესამე მხარე  ვერ შეძლებს გავლენა იქონიოს რეგიონალური ქვეყნების იმ მისწრაფებებზე, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ თავად აირჩიონ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ან უცხოური ალიანსები“.

„მთელი ჩვენი რეგიონისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპზე, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ საგარეო პოლიტიკაში ღირებულებებზე უარის თქმა შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს არა მხოლოდ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, არამედ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მიიღებს მხარდაჭერის თავის სამართლიან წილს და დაფასებას იმ პროგრესისთვის, რომელსაც მან მიაღწია, უხეში საგარეო წნეხის მიუხედავად“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულებასთან ერთად „ველით, რომ რუსეთმა შესაძლოა გაზარდოს პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინ“. მისი თქმით, საქართველო შეთანხმების ხელმოწერას „მომდევნო რამდენიმე თვეში“ ვარაუდობს.

მან ხაზი გაუსვა აშშ–ის მხარდაჭერის მნიშვნელობას „რუსეთისთვის სწორი და მუდმივი გზავნილების მიწოდების გზით“, რომ პატივი სცეს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა გაუმკლავდეს ნებისმიერ შესაძლო საგარეო ზეწოლას.

„ჩვენ უბრალოდ არ ვაპირებთ, რომ დავთმოთ ჩვენი ევროპული მომავალი, რადგანაც ეს ჩვენი ხელისუფლების არჩევანია, რომლის უკანაც ქართველი ხალხის ნება დგას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ ევროინტეგრაცია შეუქცევადია, რადგანაც ამ პროცესს საქართველოში უდიდესი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. 

„მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ არა იმიტომ, რომ ჩვენ შიგნით გაყოფილები ვართ ან არ ვართ დარწმუნებულები ჩვენს მისწრაფებებში; ჩვენ მოვუწოდებთ დასავლელ მეგობრებს დაგვეხმარონ, რათა გავუმკლავდეთ საგარეო ზეწოლას, რომელიც იმ მონაპოვარის დაკარგვის რისკს ქმნის, რომელიც თავისუფალმა სამყარომ შექმნა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მან.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ ზუსტად 93 წლის წინ 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ 1921 წელს თბილისი აიღო –საბჭოთა ოკუპაციის დღის აღსანიშნავად საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაშვებულია. „მნიშვნელოვანია დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ასეთი ტრაგედიები 21–ე საუკუნეში აღარ განმეორდება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

უკრაინის თემა კითხვა–პასუხის დროსაც იქნა წამოწეული; საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს „უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტონ საით წავიდნენ – წარსულში თუ ევროპისკენ“.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პროაქტიული უნდა იყოს; ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სწრაფად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
თავისუფალი ვაჭრობა

აუდიტორიიდან დასმულ კითხვაზე განიხილა თუ არა აშშ–თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა: „პრეზიდენტმა ობამამ დააყენა ეს საკითხი ჩემთან შეხვედრაზე და პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა“.

მისი თქმით, ის შეხვდება აშშ–ის წარმომადგენელს ვაჭრობის საკითხებში მაიკლ ფრომანს, რათა ეს საკითხი განიხილოს და დასძინა, რომ ეს „მთავარი პრიორიტეტია“.

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლა პირველად პრეზიდენტმა ობამამ 2012 წლის იანვარში ახსენა, როდესაც ის საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

კითხვაზე, თუ რა შედეგებს ელის თავისი პირველი ვიზიტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ პირადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ობამასგან იმის გაგება, რომ თბილისს ვაშინგტონის „ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“ აქვს. მან განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთვის „ნომერ პირველი მოკავშირეა“.

„მე ნამდვილად მინდა, რომ არსებული მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდეს… ვფიქრობ, ეს ვიზიტი უკვე დიდი წარმატებაა“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ დამატებით რის გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს საქართველოს მხარდასაჭერად და რას ფიქრობს ის აშშ–სა და ევროკავშირს შორის კოორდინაციის თაობაზე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ აშშ „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები“. ამავე კითხვის მეორე ნაწილთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ვფიქრობ, ევროპა უფრო პროაქტიული გახდა, განსაკუთრებით უკრაინის შემდეგ“. შემდეგ მან განაცხადა, რომ არ სურს ამ მოვლენებზე ჩაღრმავება და ურჩევნია საქართველოზე გაამახვილოს ყურადღება. „ვფიქრობ, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს“, – დასძინა მან.

‘პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნას არ აქვს ადგილი’

როდესაც მას ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ პროცესებზე და ასევე იმაზე კითხეს, თუ რა როლს ითამაშებს ნაციონალური მოძრაობა ქართულ პოლიტიკაში, ღარიბაშვილმა პასუხის გაცემისას პირველ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო მეორე უპასუხოდ დატოვა.

მან განაცხადა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე უზრუნველყოფილია გამჭირვალობა, კანონის უზენაესობა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და დასძინა, რომ არც ერთი საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.

„არავინ დგას კანონზე მაღლა… როდესაც მე პოსტს დავტოვებ – შესაძლოა ხუთი წლის შემდეგ, შესაძლოა უფრო გვიან და ადრე, არავინ იცის ეს – მინდა, რომ ანგარიშვალდებული ვიყო იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ და თუ ხუთი წლის შემდეგ, ან ათი წლის შემდეგ, თუ ახალი მთავრობა აღმოაჩენს, რომ მე დანაშაული ჩავიდინე, ამაზე პასუხი უნდა ვაგო“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ კანონი ყველასთვის თანაბარია და აღნიშნა, რომ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა, მისი პირველი მოადგილე დააკავეს; მას მხედველობაში ჰყავდა გელა ხვედელიძე, რომელიც შსს-ში არსებულ არქივს კურირებდა და რომელიც ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის "შურისძიების" მოტივით გავრცელების გამო დააკავეს. შარშან ის გირაოთი გაათავისუფლეს. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს წარსულზე ბევრი ლაპარაკი  და დასძინა, რომ მისი მთავრობა მომავალზეა ორიენტირებული.

კითხვაზე, სასურველი იქნება თუ არა ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის, რომელმაც საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და  ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, საქართველოში დაბრუნება, ღარიბაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, მას შეუძლია დაბრუნება“.

„ვერ დაგპირდებით, რომ ხალხს ის ენატრება, მაგრამ მას შეუძლია დაბრუნება; მას კვლავ აქვს მოქმედი ქართული პასპორტი, ამიტომ მას პრობლემების გარეშე შეუძლია მგზავრობა“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button