სასჯელაღსრულების სამინისტროს მოკვლევა არ ადასტურებს მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გაყვანის ფაქტს
სასჯელაღსრულების სამინისტრომ 14 იანვარს განაცხადა, რომ სამსახურეობრივმა მოკვლევამ არ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება ზუსტად ერთი თვის წინ, 14 დეკემბერს საკნიდან მისი ფარულად გაყვანის თაობაზე.
განცხადება წინასწარ პატიმრობაში მყოფმა მერაბიშვილმა 17 დეკემბერს ქუთაისში მისი ერთ-ერთი საქმის სასამართლო მოსმენის დროს გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 14 დეკემბერს ღამის დაახლოებით 1:30 საათზე ის საკნიდან გაიყვანეს, თავზე მისივე მოსაცმელი გადაახურეს და მისი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს, სადაც შედგა მისი შეხვედრა მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან, რომელიც პირადად დაემუქრა ციხეში პირობების გაუარესებით და მისი ახლობლების დაჭერით, თუ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა და ასევე არ დახმარებოდა გამოძიებას გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ თითქმის ერთთვიანი მოკვლევის დასრულების შემდეგ, 14 იანვარს განაცხადა, რომ მან იმ ციხის, სადაც მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება ვერ შეძლო, ვინაიდან ამ „შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის“ და შესაბამისად, „17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა“.
სოზარ სუბარის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მან მოკვლევის ფარგლებში ამოიღო და შეისწავლა ციხესა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის გზის მონაკვეთზე განთავსებული 18 სათვალთვალო კამერის მიერ 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაწერილი 377 GB მოცულობის ვიდეომასალა, თუმცა „საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ“ აღმოაჩინა.
ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ მოკვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ციხის თანამშრომლებმა „კატეგორიულად უარყვეს“ მერაბიშვილის მიერ 14 დეკემბრის ღამის საათებში დაწესებულების დატოვება და ამ ფაქტის დასადასტურებელი ჩანაწერები არც იმ ჟურნალებში მოიძებნა, რომლებშიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობა აღირიცხება.
ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა სასჯელაღსრულების სამინისტროს მოკვლევის შედეგები, რომელმაც პარტიის თქმით, „აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი“.
ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს იმ ფაქტს, თუ რატომ არ გაცხადდა თავიდანვე, თუ იყო ცნობილი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული კამერების ჩანაწერები არ არსებობდა; პარტიამ ასევე უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ მერაბიშვილმა და მისმა ადვოკატებმა იცოდნენ რა 24 საათში ჩანაწერების ავტომატურად წაშლის წესის შესახებ, სამი დღის თავზე ამიტომაც გააკეთეს განცხადება კამერიდან გაყვანის შესახებ.
„სულ ცოტა ხნის წინ, თავად სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება, "ქართული ოცნების" არაერთი ლიდერი კი, ჯიუტად იმეორებდა, რომ ფირების ამოღებას სჭირდება „გარკვეული პროცედურები“, რის გამოც ეს ვერ მოხდებოდა სწრაფად. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ყოყმანი მომხდარიყო მტკიცებულებათა ფაბრიკაცია თუ პირდაპირ გაცხადებულიყო, რომ შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის 15 იანვრის განცხადებაში.
ნაციონალურმა მოძრაობა მოითხოვს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რადგან მან „დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში“.
„პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული – მტკიცებულებათა განადგურება. მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას. უდავოა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთასთან, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია მთელი მმართველი კოალიცია“, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.
საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ მოუწოდებს ამ ფაქტის საპარლამენტო გამოძიებისკენ.
ეს საკითხი მათ ადრეც დააყენეს პარლამენტის წინაშე, თუმცა მაშინ სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ამ ინიციატივის უარყოფა ახსნა იმით, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო იკვლევდა მერაბიშვილის განცხადებას. 30 დეკემბერს უსუფაშვილმა სუბარის უწყებას ამ საქმეზე სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების დაგვიანების გამოც უსაყვედურა.
15 იანვარს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ "ბევრი კითხვა" დატოვა პასუხგაუცემელი სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებამ და ამ ფაქტის გამოძიების პროკურატურის მიერ დაწყებისკენ კვლავ მოუწოდა.