Placeholder canvas
ანალიზიახალი ამბები

ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილებების შესრულებას შეუდგა

მარგველაშვილმა განაცხადა:

  • ‘ყველაზე უარესი წლები  უკან მოვიტოვეთ’ და ‘დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი’;
  • ‘დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა’;
  • ქართველები ‘თავისი ბუნებით’ ევროპელები არიან;
  • მან პატივისცემით მოიხსენია პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი;
  • მიმართა ‘აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს’;
  • მან ‘დეოკუპაცია’ საერთაშორისო მხარდაჭერის კონტექსტში ახსენა;
  • ‘საქართველოს აქვს მისია იქცეს ევროპასა და აზიას  შორის თანამშრომლობის ადგილად’;
  • კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია პრიორიტეტია;
  • გამოხატა რუსეთთან დიალოგის გაღრმავების მზადყოფნა.



 17 ნოემბერს ინაუგურაციის ცერემონიის დროს მარგველაშვილი სცენაზე ადის.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 17 ნოემბერს ფიცის დადების შემდეგ თავის საინაუგურაციო გამოსვლაში განაცხადა, რომ „მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები  უკან მოვიტოვეთ“.

ფიცის დადების შემდეგ ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც გაცილებით ნაკლებ უფლებამოსილებებს ანიჭებს პრეზიდენტ მარგველაშვილის, ვიდრე  მის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მისი თითქმის ათწლიანი მმართველობის დროს.

„დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი“, – განაცხადა მარგველაშვილმა თავის სიტყვაში და ხაზი გაუსვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტის შექმნით „ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლა“.

„დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, რითიც ახალი, ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ სათავე“, – განაცხადა მან და პირობა დადო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის საჭიროების მოტივით, ხელისუფლებამ ინაუგურაციის ზომიერ ცერემონიაზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც თბილისში პარლამენტის ძველი შენობის ეზოში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიის ორგანიზებაზე 800 000 ლარი დაიხარჯა, ხუთჯერ ნაკლები ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე 2008 წლის იანვარში. წინა ინაუგურაციებისგან განსხვავებით, ბოლო ცერემონიაზე არ იყო უზრუნველყოფილი ფართო საზოგადოების თავისუფალი დასწრება.

სამხედრო აღლუმი არ გამართულა, თუმცა საჯარისო ნაწილები განლაგებული იყვნენ ინაუგურაციის ადგილას, და წინა ორი საპრეზიდენტო ინაუგურაციისგან განსხვავებით, ფიცის დადების საეკლესიო ცერემონიასაც  არ ჰქონია ადგილი. 

მოწვეული სტუმრები, მათ შორის უცხოელი ოფიციალური პირები, მთავრობის წევრები და კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატები იმ თეთრი სცენის გარშემო ისხდნენ, სადაც მარგველაშვილმა ფიცი დადო და სადაც ის სიტყვით გამოვიდა.

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ ინაუგურაციაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს და ამის მიზეზად წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე „კუდიანებზე ნადირობა“ დაასახელეს.

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას, განაცხადა, რომ ეს იყო „ზომიერი, კარგად ორგანიზებული ცერემონია – ზუსტად ის ტონი, რომლის გაგზავნაც მთავრობას სურს მაშინ, როდესაც ის თავის რეგიონალურ, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე ზრუნავს“.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „თავისი ბუნებით“ ქართველი ევროპელია და „დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია“.

„მაგრამ ჩვენ აქამდე ვერ ვახერხებდით, რომ ჩვენი ევროპელობა – სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ განზომილებაში გადაგვეტანა“, – განაცხადა მან, „შარშანდელი პირველი ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შევძელით ჭეშმარიტად ევროპული პოლიტიკური პროცესებისთვის დაგვედო სათავე“.

თავის გამოსვლაში მარგველაშვილმა პატივისცემა გამოხატა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიმართ და განაცხადა, რომ მან „გაგვაერთიანა“. „ერთიანობით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეუძლებელი ჩანდა – მშვიდობიანად, არჩევნებით საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გვერდით იჯდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის შემცვლელად დაასახელა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მის მთავრობასთან ერთად პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას დაამტკიცებს.

ახალმა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მიმართა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს და შესთავაზა „ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება“.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა: „ოკუპირებულ ტერიტორიათა არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა, საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ  პროექტებში მონაწილეობა სწორედ ამ ურთიერთობებს ეფუძნება“.

საგარეო პოლიტიკა მარგველაშვილის 13-წუთიანი გამოსვლის ერთ-ერთი წამყვანი თემა  იყო, სადაც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პრიორიტეტს და ასევე აღნიშნა რუსეთთან „დიალოგის გაღრმავებისთვის“ მზადყოფნა.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს. ეს კი საბოლოოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა“, – განაცხადა მან.

„მიუხედავად დღეისათვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ რუსეთთან დიალოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების – საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით, და ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას მივმართავთ  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას“.

„საქართველოს აქვს ისტორიული მისია იქცეს ევროპასა და აზიას  შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია“.

მისი თქმით, როგორც პრეზიდენტი, იგი იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის იმ საკონსტიტუციო შეთანხმების დაცვის გარანტი, რომელიც ეკლესიას მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით.

„ამავდროულად განუხრელად დავიცავ საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს“, – განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 35 წუთი გაგრძელდა, მარგველაშვილმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო გმირთა მოედანზე.

„ჩვენ აქ მოვედით, რათა ამ უმნიშვნელოვანეს დღეს პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას და ამავე დროს გავახმოვანოთ მათი სურვილი, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ იყოს ომი და არ იღვრებოდეს ძმათა სისხლი“, – განაცხადა მარგველაშვილმა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ.

კვირას მარგველაშვილმა ათზე მეტი ორმხრივი შეხვედრა გამართა მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან.

პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილმა პირველი შეხვედრა თავის ლიტველ კოლეგასთან დალია გრიბაუსტაიტესთან გამართა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა და რომელიც ინაუგურაციის ყველაზე მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი იყო.

მარგველაშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს; USAID-ის ადმინისტრატორს რაჯივ შაჰს; ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტს რეინჰარდ ტოდტის; ყაზახეთის ვიცე-პრემიერს იერბოლ ორინბაევს; უკრაინის ვიცე-პრემიერს ოლეკსანდრ ვილკულს; ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის; სომხეთის, ყირგიზეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს; ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს; თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრს; ყატარის კულტურის მინისტრს;  ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის.

მსგავსი/Related

Back to top button