ცესკო: 15 საათისთვის ხმა ამომრჩეველთა 32.05%-მა მისცა
კენჭისყრის პროცედურის დასრულებამდე ხუთი საათით ადრე, დღის სამი საათისთვის ამომრჩეველთა 32.05%-მა მისცა ხმა, განაცხადა ცესკომ.
სულ პრეზიდენტის არჩევნებისთვის 3 537 719 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რეგიონების მიხედვით, 15 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში – 46.7% ; შემდეგ მოდის გურია – 39.9%; მცხეთა–მთიანეთი – 34/3%; სამცხე–ჯავახეთი – 34.2%; იმერეთი – 33.9%; აჭარა – 33.3%; კახეთი – 31.5%; სამეგრელო–ზემო სვანეთი – 31.3%; შიდა ქართლი – 31.1% და ქვემო ქართლი – 26%.
ცესკოს ინფორმაციით, დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის 31.8%-ს შეადგენდა.
შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე 3 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 44.99%-ს შეადგენდა.
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ 14:30 საათისთვის მისმა დამკვირვებლებმა ორი "ყველაზე პრობლემატური საკითხი" გამოავლინეს.
ერთი ეხება ხმის მიცემის ცხრა შემთხვევას ვადაგასული პირადობის მოწმობით, პირადობის მოწმობის ასლით ან პირადობის მოწმობის გარეშე (მაგალითად, მართვის მოწმობით), აცხადებს სამართლიანი არჩევნები.
სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანახმად, კიდევ ერთი "ყველაზე პრობლემატური საკითხი" უკავშირდებოდა ამომრჩეველთა სიებს ბათუმში; მისი თქმით, დაახლოებით 250 ამომრჩეველი იყო, რომლებიც ბათუმში საარჩევნო უზნებზე მივიდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს ხმის მიცემა, ვინაიდან ისინი სიებში არ იყვნენ; ეს პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს უკავშირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)