Placeholder canvas
ახალი ამბები

ილია მეორე: ‘უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა’

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა 15 სექტემბერს, რომ მაშინ როცა ბევრს საუბრობენ უმცირესობების უფლებების დაცვის საჭიროებაზე, საქართველოში „უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა“.  

„უფლებები კარგია და საჭიროა, რომ უფლებები უნდა იყოს დაცული. მაგრამ პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს ყოველმა ჩვენთაგანმა“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში  საკვირაო ქადაგებისას. 

„ძალიან ხშირად ლაპარაკობენ მოსახლეობის უმცირესობის დაცვაზე, რომ უმცირესობას გააჩნია თავისი უფლებები და ასე შემდეგ. და ძალიან იშვიათად ვინმე ფიქრობს, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო  დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა. და ეს ხშირად გვემართება ჩვენ“, – განაცხადა მან. 

იმავე ქადაგებაში პატრიარქმა პრემიერ–მინისტრთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. 

„მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა ოპტიმისტია. ოპტიმისტურად უყურებს ჩვენს მომავალს და ისეთი არგუმენტები მოჰყავს ხშირად, რომ აჯერებს სხვებსაც, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პატრიარქმა, „ძალიან დიდ ყურადღებას ბატონი ბიძინა აქცევს იმას, თუ რა იქნება მომავალში, როგორ შეიძლება, რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აყვავდეს სოფლის მეურნეობა. მას აქვს ძალიან კონკრეტული, ძალიან რეალური გეგმები ამასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ვიღაც ჩინეთიდან და ინდოეთიდან მოსული, ან სხვა ქვეყნებიდან მოსული დაამუშავებს ჩვენ მიწას. შეიძლება იმან დაამუშავოს, მაგრამ თავისთვის დაამუშავებს და არა ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბუნება, შევიყვაროთ მიწა. არ უნდა მოვაცდინოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოცდენილი მიწები არ იყოს საქართველოში“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს 13 სექტემბერს უმასპინძლა, რომლის დროსაც პატრიარქმა პრემიერ–მინისტრს ძვირფასი მაჯის საათი აჩუქა, რამაც მწვავე დებატები გამოიწვია სოციალურ ქსელში, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქო ძვირფასი საჩუქრის გაკეთებისთვის გააკრიტიკეს. როგორც ივანიშვილის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, საათის მწარმოებელი შვეიცარიული ფირმა Ulysse Nardin–ია, რომელიც ძვირადღირებულ საათებს აწარმოებს და რომლის მიერ წარმოებული საათების საშუალო ფასი დაახლოებით 17 000 აშშ დოლარია. პრემიერისთვის ნაჩუქარი მოდელი სავარაუდოდ არის Maxi Marine Chronometer 43mm, რომელიც Ulysse Nordin–ის საათების საშუალო ფასზე ძვირი ღირს. თუ ეს ასეა, ეს შესაძლოა კანონთან შეუსაბამობაში იყოს, რადგანაც ამ საჩუქრის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალურ პირს შეუძლია მიიღოს წლის განმავლობაში; იმ საჩუქრების საერთო ღირებულება, რომლის მიღებაც ოფიციალურ პირს წლის განმავლობაში შეუძლია, მისი წლიური ხელფასის 15%–ს არ უნდა აღემატებოდეს.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button