skip to content
ახალი ამბები

Hilton Worldwide საქართველოში ორი სასტუმროს გახსნას გეგმავს

კომპანია Hilton Worldwide–მა 12 სექტემბერს ორ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბათუმსა და თბილისში ორი სასტუმრო გაიხსნება.

კომპანიის განცხადებით, 2014 წლის ზაფხულზე ბათუმში Hilton Hotels & Resorts–ის სასტუმრო გაიხსნება 247 ოთახით, ხოლო თბილისში 2016 წელს ჭავჭავაძის გამზირზე 14–სართულიანი და 165-ნომრიანი სასტუმროს Hilton Garden Inn–ის გახსნა იგეგმება.

თბილისის პროექტთან დაკავშირებით მართვის შესახებ შეთანხმებას შპს „ჭავჭავაძის 64ა“–სთან მოეწერა ხელი, რომლის თანამფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. თბილისში Hilton Garden Inn–ის დეველოპერი და აქტივების მმართველი იქნება კომპანია „რედიქსი“, რომლის მფლობელიც ასევე პაპაშვილია.  

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი 18.66 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოყოფს თბილისის პროექტის დასაფინანსებლად, რომლის საერთო ღირებულებაც, ბანკის ინფორმაციით, 31.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პაპაშვილი პროექტის თანადამფინანსებელია.

რაც შეეხება ბათუმის პროექტს, Hilton Worldwide–მა ცალკე შეთანხმება გააფორმა შპს „ტურინვესტთან“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button